როდესაც კლიმატის ცვლილება ხვდება ტექნოლოგიურ რევოლუციას

საქართველოს ფერმერები კლიმატურ საფრთხეებს ციფრული ხელსაწყოების მეშვეობით უმკლავდებიან

26 ოქტომბერი 2026
GECSA, Georgia Climate Services for Agriculture
ფოტოს ავტორი: UNDP | ნინო ზედგინიძე

ციფრული ტექნოლოგია ჩვენს ყოველდღიურობას ცვლის, თუმცა ბევრი შეკითხვა, რომელიც ამ სწრაფ განვითარებას უკავშირდება, კვლავაც პასუხგაუცემელია. ტექნოლოგია ჩვენი მეგობარია თუ მტერი? ​​დაგვეხმარება უკეთესი მომავლის შექმნაში, თუ საფრთხეს შეუქმნის სამუშაო ადგილებს, შემოსავლებსა და საარსებო წყაროებს?

საბოლოო დასკვნა მომავლის საქმეა, თუმცა უკვე დღეს, გვაქვს უტყუარი მაგალითები, რომ ტექნოლოგიას ბევრი სიკეთე მოაქვს სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის, განსაკუთრებით კი ფერმერებისთვის, რომლებიც კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საფრთხეებს უპირისპირდებიან. 

სწორედ ახალი ტექნოლოგია ეხმარება ფერმერებს, ინფორმირებული, კლიმატგონივრული გადაწყვეტილებები მიიღონ და მზარდ კლიმატურ გამოწვევებს მეტი თავდაჯერებით უპასუხონ.

დღეს ციფრული რევოლუცია დიდი ქალაქებით, წამყვანი უნივერსიტეტებითა და კვლევითი ცენტრებით არ შემოიფარგლება. ის თითოეული სოფელში, ვენახსა თუ ხეხილის ბაღში აღწევს და თითოეული ფერმერის ცხოვრებაზე აისახება.

ამის მიზეზი აშკარაა: სანდო და დროული ინფორმაცია გადამწყვეტია ფერმერული მეურნეობის წარმატებისთვის, ხოლო ტექნოლოგიების გამოყენებით, ასეთი ინფორმაციის მიღება გაცილებით ადვილია. 

როდის მოვა წვიმა, იზრდება თუ არა მავნებლებისა და დაავადებების საფრთხე, როდის დავიწყოთ მორწყვა და შეწამვლა — ყველა ეს საკითხი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა ფერმერებმა თავისი საქმიანობა სწორად დაგეგმონ, მოსავალი დაიცვან და არსებული რესურსები ეფექტიანად გამოიყენონ.

ციფრულ ტექნოლოგიას ამ ფუნქციის შესრულება შეუძლია - საჭირო ინფორმაციის სწრაფი შეგროვება და დროული გავრცელება.

ახალი ციფრული პლატფორმა GECSA (საქართველოს კლიმატური სერვისები სოფლის მეურნეობისთვის) ფერმერებს კლიმატთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და პრაქტიკულ რჩევებს სთავაზობს. სერვისი ჯერ კიდევ საცდელ რეჟიმშია, თუმცა მოსარგებლეთა რაოდენობამ უკვე 1,200-ს მიაღწია. 

სმარტფონზე სულ რამდენიმე შეხებით, GECSA-ს გამომწერები უამრავ მონაცემს იღებენ: 

  • ამინდის ყოველდღიურ, საათობრივ და სეზონურ პროგნოზს;
  • ინფორმაციას მოსალოდნელ კლიმატურ რისკებზე;
  • ადრეულ გაფრთხილებას მავნებლებისა და დაავადებების შესახებ;
  • მორწყვისა და შეწამვლის რეკომენდაციებს;
  • კონკრეტულ მეურნეობაზე მორგებულ რჩევებს.

GECSA-ს ქსელი 57 აგრომეტეოროლოგიური სადგურისგან შედგება. აქედან ექვსი სადგური 3D პრინტერზე ამობეჭდილი ინოვაციური მოდელია.

ვენახების, ბაღებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების სიახლოვეს განთავსებული სადგურები ამინდის ყველა იმ პარამეტრს აკვირდება, რომლებიც მოსავალსა თუ მავნებლებისა და დაავადებების გავრცელებაზე ახდენენ გავლენას: ტემპერატურა, ტენიანობა, ნალექის რაოდენობა, ქარის სიჩქარე, მზის რადიაცია და ფოთლის სისველე. ჭკვიანი სენსორების მეშვეობით, GECSA ამ მონაცემებს აგროვებს, ამუშავებს და ფერმერებს პროგნოზის, გაფრთხილებისა და რჩევის სახით აწვდის.

ამჟამად GECSA მხოლოდ ორ რეგიონში, კახეთსა და შიდა ქართლში მოქმედებს. მომავალში, სერვისი შესაძლოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გავრცელდეს და ახალი ფუნქციებიც შეითავსოს, რაც ათასობით ფერმერული მეურნეობისთვის კლიმატური ინფორმაციისა და სასოფლო-სამეურნეო რჩევის წყარო იქნება.

GECSA სეულის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შეიქმნა. საქართველოს მხრიდან, პლატფორმის შემუშავებაში ჩართულები იყვნენ სოფლის განვითარების სააგენტო, გარემოს ეროვნული სააგენტო, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და სურსათის ეროვნული სააგენტო.

ეს ჭკვიანი ციფრული სერვისი UNDP-ის უფრო ფართო კლიმატური პროგრამის ნაწილია, რომელიც კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს მთავრობისა და შვეიცარიის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება.

Davit Mosulishvili in his vineyard

დავით მოსულიშვილი ამინდის პროგნოზს ეცნობა

ფოტოს ავტორი: UNDP | ნინო ზედგინიძე

ათასწლოვანი ტრადიციის ციფრული მომავალი

დავით მოსულიშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯში მცირე ფერმერულ მეურნეობასა და მეღვინეობა „დანოს“ უძღვება. მევენახეობა მისი ოჯახის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. დღეს დავითი ამ ტრადიციას თაობების მანძილზე დაგროვებული ცოდნითა და თანამედროვე მიდგომებით ამდიდრებს. მის 1.8 ჰექტარზე გაშლილ ვენახში, სადაც რქაწითელისა და სხვა კახური ჯიშების ვაზია გაშენებული, სრულად ორგანული მეთოდები გამოიყენება.

კლიმატის ცვლილების პირობებში, მეურნეობის მართვა რთულდება. უხვი ნალექის პერიოდები წლიდან წლამდე იზრდება, განსაკუთრებით მაისსა და ივნისში, რაც კახეთის მშრალი და მზიანი ჰავისთვის უჩვეულოა. მაღალი ტენიანობა ხელს უწყობს სოკოვანი დაავადებების, მათ შორის ჭრაქისა და ნაცრის გავრცელებას. ვაზის ყვავილობის პერიოდში, ამ დაავადებებმა შესაძლოა ფოთლებიც და მტევნებიც დააზიანოს.

2023 წელი დავითისთვის განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა. წვიმიანმა ამინდმა ჭრაქის ინტენსიური გავრცელება გამოიწვია, ხოლო მისი მოსავალი თითქმის მთლიანად განადგურდა.

ამ გამოცდილებამ აჩვენა, რომ დაავადებათა რისკის დროული აღმოჩენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

დღეს დავითის ვენახს ციფრული ტექნოლოგია იცავს — პლატფორმა GECSA, რომელიც კლიმატურ მონაცემებსა და დაავადებების შესახებ გაფრთხილებას სწრაფად და მარტივად ავრცელებს.

„GECSA ძალიან გვეხმარება. წინასწარ გვაძლევს ინფორმაციას ჭრაქის გავრცელების რისკის შესახებ. სხვა შემთხვევაში ამას ვერ დაინახავ, რადგან ეს რისკი გავრცელებამდე ხილული არაა“, - გვიხსნის დავითი.

დროული ინფორმაციის წყალობით, დავითს შეუძლია დაავადების რისკი წინასწარ შეაფასოს და პრევენციული ზომები მიიღოს. ადრე ვენახის დამუშავება კალენდარულ გრაფიკს ეფუძნებოდა, რაც დაავადების გავრცელების პრევენციას ვერ ახდენდა. ახლა ყველა გადაწყვეტილება რეალურ რისკებს ითვალისწინებს, რაც გაცილებით უფრო ეფექტიანია.

„დღევანდელმა ფერმერმა კალენდარულ გრაფიკზე უარი უნდა თქვას და თანამედროვე მიდგომაზე გადავიდეს, რაც ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს ეფუძნება“, — აღნიშნავს დავითი.

დავითი GECSA-ს სხვა ფუნქციებსაც აქტიურად იყენებს. მაგალითად, რჩევებს ვენახის მორწყვის შესახებ.

მისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობაა ისიც, რომ პლატფორმა უფასოა და ხელმისაწვდომია. მომავალში კი ისურვებდა, რომ GECSA-ს ქსელს მეტი სადგური დაემატოს, რათა სერვისმა უფრო ფართო ტერიტორია დაფაროს და ფერმერებისთვის მიწოდებული ინფორმაცია კიდევ უფრო ზუსტი გახდეს.

დავითის აზრით, თანამედროვე ტექნოლოგია ქართული მევენახეობის მრავალსაუკუნოვან გამოცდილებას კი არ ანაცვლებს, არამედ აძლიერებს. კლიმატური საფრთხეების პირობებში, სანდო და დროული ინფორმაცია ქმნის უკეთესი გადაწყვეტილებების საფუძველს და იცავს ოჯახური მეღვინეობის ტრადიციას.

Temur and Natalia Baratashvili in their orchard

ვაშლის კრეფა ბარათაშვილების ბაღში

ფოტოს ავტორი: UNDP | ნინო ზედგინიძე

გადარჩენილი ბაღი და ცხრა გაფრთხილება ყინვის შესახებ

ბარათაშვილების ოჯახი უკვე ათი წელია მცირე მეურნეობას მისდევს. დღეს თემურსა და ნატალიას გამორჩეული ხეხილის ბაღი აქვთ, სადაც უმაღლესი ხარისხის ვაშლი, მსხალი, ბალი, ტყემალი, ატამი და ქლიავი იზრდება. 

ორი წლის წინ, ბარათაშვილებმა ახალი ციფრული ინსტრუმენტის, GECSA-ს გამოყენება დაიწყეს, რამაც კლიმატური რისკების მონიტორინგი საგრძნობლად გაამარტივა. 

დღეს GECSA-ს მეშვეობით მიღებული ინფორმაცია მათი ყოველდღიური გადაწყვეტილებების ნაწილია. როდის ველოდოთ მავნებლების გავრცელებას, როგორ დავიცვათ ხეხილი დაავადებებისგან, როგორ იცვლება ნალექი, როდის არის მოსალოდნელი ყინვა - პასუხები ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კითხვებზე პირდაპირ მათ სმარტფონებზე აისახება.

თემური გვიყვება, რომ 2026 წლის აპრილი GECSA-ს პრაქტიკული გამოყენების კარგი მაგალითია. ერთი თვის მანძილზე, აპლიკაციამ გააგზავნა ცხრა შეტყობინება ყინვის შესახებ. ყინვის შესახებ. შედეგად, თემურმა შესაბამისი ზომები მიიღო და ხეხილის ბაღი მოყინვას გადაარჩინა.

ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების გარდა, თემური სხვა პარამეტრებსაც აკვირდება, მათ შორის, ფარდობით ტენიანობას, ქარისა და ნალექის მონაცემებს და ინფორმაციას მავნებლებისა და დაავადებების შესახებ. 

GECSA-ს  გამოყენებით, თემურს მავნებლების პოპულაციის ზრდის პროგნოზირებაც შეუძლია, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია მავნე ორგანიზმების, მაგალითად, ნაყოფჭამიისა და ვაშლის ქეცის მართვისთვის.

თავად  გამოცდილი ფერმერი, თემური მუდმივად ეძებს ახალ ცოდნას და თანამედროვე მიდგომებს ეუფლება.

„ახალი ტექნოლოგიების გამოყენება აუცილებელია იმისთვის, რომ მიხვდე, ამა თუ იმ კლიმატურ პირობებში ხეხილის რა ჯიშების მოყვანა შეიძლება. დამწყებ ფერმერებსაც ამას ვურჩევდი“, - ამბობს თემური.

სწორად შეაფასო ცვალებადი გარემო, წინასწარ იცოდე მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და დროულად მიიღო გადაწყვეტილება. თემურისთვის GECSA-ს მთავარი დანიშნულება სწორედ ესაა.

A 3d-printed weather station in Georgia's Kakheti region

3D პრინტერზე ამობეჭდილი ამინდის მონიტორინგის სადგური

ფოტოს ავტორი: UNDP | ნინო ზედგინიძე

ტექნოლოგია ადამიანისთვის 

ფერმერთა აპლიკაცია GECSA იმ ციფრული ხელსაწყოების რიცხვშია, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით შეიქმნა, რათა ტექნოლოგიური პროგრესი უშუალოდ ადამიანის სამსახურში ჩააყენოს.

ამინდის პროგნოზი, ფერმერთა ხელშეწყობა, სტუდენტებისთვის სწავლის ახალი გზების შეთავაზება თუ კლიმატური კატასტროფების მიმართ მზაობის გაზრდა. ეს განსხვავებული ციფრული ხელსაწყოები ერთ საერთო მიზანს ემსახურება: ინოვაციები გახდეს პრაქტიკული, ხელმისაწვდომი და მარტივად გამოსაყენებელი ყოველდღიურ ცხოვრებაში.

„ტექნოლოგია მხოლოდ იმ შემთხვევაში იძლევა რეალურ შედეგს, თუ ადამიანებამდე აღწევს და არსებული გამოწვევების დაძლევაში ეხმარება. იქნება ეს მევენახე თუ სტუდენტი, ციფრულ გადაწყვეტილებებს მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა შეუძლია. ჩვენი ამოცანაა, ამ შესაძლებლობების ხელმისაწვდომობა უზრუნველვყოთ და საქართველოს უფრო მწვანე, ინკლუზიურ და მდგრად მომავლს შევუწყოთ ხელი“, - აცხადებს დაგლას უები, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში.

UNDP აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან, ადგილობრივ თემებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ეს ხედვა რეალობად აქციოს.

თანამედროვე ცოდნა თანამედროვე სოფლისთვის:

შვეიცარიის მხარდაჭერით, UNDP ხელს უწყობს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის მოდერნიზებას, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ პროფესიებში. 

ამ დახმარების ფარგლებში, სწავლების თანამედროვე მიდგომები და ციფრული ხელსაწყოები კოლეჯებში, სკოლებსა და სასწავლო ცენტრებში დაინერგა.

  • შემუშავდა ელექტრონული სწავლების ცხრა მოდული, მათ შორის ნიადაგის მართვისა და მავნებლებთან ბრძოლის საკითხებში.
  • 64 პროფესიულ კოლეჯში დაინერგა თვითშეფასების ახალი, 360-გრადუსიანი სისტემა, რომელსაც ციფრული პლატფორმა უზრუნველყოფს. აღნიშნული სისტემა სტუდენტებს, მასწავლებლებსა და დამსაქმებლებს საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ სწავლების ხარისხის შეფასებაში.
  • 2025 წლისთვის, ციფრული სწავლების ამ ინსტრუმენტებით 25,000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა.

იხილეთ: პროფესიული განათლებისა და გადამზადების ხელშეწყობა

კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია - ერთი ნაბიჯით წინ:

კლიმატის მწვანე ფონდისა (GCF) და შვეიცარიისა და საქართველოს მთავრობების მხარდაჭერით, UNDP ხელს უწყობს თანამედროვე ხელსაწყოების შექმნას კლიმატის ცვლილების მონიტორინგისა და პროგნოზირებისთვის.

  • საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დამონტაჟდა 150 სადგურისგან შემდგარი ქსელი, რომელიც 94 მეტეოროლოგიურ, 43 ჰიდრომეტეოროლოგიურ და 13 აგრომეტეოროლოგიურ სადგურს მოიცავს. მიღებული ინფორმაცია გამოიყენება ამინდის საჯარო პორტალის, METEO.GOV.GE-ის მონაცემებისთვის.
  • ფოთში დამონტაჟდა მაღალტექნოლოგიური აეროლოგიური სადგური, რომელიც ატმოსფეროს ვერტიკალური ზონდირების მეშვეობით, მაღალი ხარისხის კლიმატურ ინფორმაციას აგროვებს.
  • 11 მეწყერსაშიშ ლოკაციაზე დამონტაჟდა გეოლოგიური მონიტორინგის სადგურები.
  • ფინეთის მეტეოროლოგიურ ინსტიტუტთან თანამშრომლობით, განახლდა საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურების საინფორმაციო-საკომუნიკაციო (ICT) სისტემები. მალე დასრულდება მობილური აპლიკაციების, SartMet-ისა და SmartAlert-ის შექმნა, რის შედეგად ამინდის პროგნოზირება და კლიმატური ინფორმაცია კიდევ უფრო სანდო და ხელმისაწვდომი გახდება.

იხილეთ: კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების შემცირება საქართველოში

სუფთა ჰაერი ყველასთვის:

ევროკავშირის მხარდაჭერით, UNDP ხელს უწყობს საქართველოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოებას 10 თანამედროვე ავტომატური სადგურის დამატებით. 

მაღალტექნოლოგიური სადგურები რეალურ დროში ზომავენ ჰაერის დაბინძურების დონეს, ხოლო მიღებულ მონაცემებს ავტომატურად გადასცემენ ჰაერის ხარისხის საჯარო პორტალს, AIR.GOV.GE.

ეს მნიშვნელოვანი საქმიანობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WHO), გაეროს ევროპის ეკონომიკურ კომისიასთან (UNECE) და ავსტრიის გარემოს დაცვის სააგენტოსთან პარტნიორობით ხორციელდება.

იხილეთ: გაეროს ერთობლივი პროგრამა „სუფთა ჰაერი ადამიანის ჯანმრთელობისთვის“

მწვანე რეფორმატორთა თაობა:

ევროკავშირისა და დანიის მხარდაჭერით, UNDP ხელს უწყობს საქართველოს მწვანე განვითარებასა და ეკონომიკაში ცირკულარული მიდგომების დანერგვას. ახალგაზრდების დაინტერესება, ჩართულობა და მათი ინიციატივების მხარდაჭერა ამ ინიციატივის საკვანძო ნაწილია. 

  • ჩვენმა ციფრულმა თამაშმა „ჩომპო-კალიფსი“ საფუძველი ჩაუყარა ახალგაზრდულ კამპანიას, რომელშიც უამრავი სკოლის მოსწავლე და სტუდენტი ჩაერთო. დღეს ადგილობრივი ახალგაზრდული ინიციატივები საქართველოს ყველა კუთხეში ხორციელდება და ნარჩენების გონივრულ მართვას გვასწავლის.
  • ხობისა და ფოთის მუნიციპალიტეტებში, ოცდაათი ახალგაზრდა ციფრული ელჩი ახალ ტექნოლოგიებს ეუფლება. მათი მიზანია მარტივად  გამოსაყენებელი, პრაქტიკული ხელსაწყოებს შექმნა, რომლებიც მწვანე განვითარებას წაადგება.

იხილეთ: გაეროს ერთობლივი პროგრამა ცირკულარული ეკონომიკისთვის და UNDP-ის რეგიონული პროგრამა „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“

საკლასო ოთახებიდან ხეხილის ბაღებამდე, ციფრულ ტექნოლოგიას შეუძლია უკეთესებისკენ შეცვალოს ჩვენი ცხოვრება. მთავარია, ზუსტად ვიცოდეთ, თუ როგორ გამოვიყენოთ ეს მძლავრი იარაღი და როგორ მივიტანოთ მიღწეული შედეგები თითოეულ ადამიანამდე.

დავითისთვის, თემურისთვის, ნატალიასთვის და ბევრი სხვა მცირე ფერმერისთვის, კლიმატური აპლიკაცია გაცილებით მეტია, ვიდრე ტელეფონის ეკრანზე გამოსახული მონაცემები. მზარდი გაურკვევლობის ეპოქაში, GECSA-ს მსგავსი პლატფორმები მათი შანსია, თავისი მრავალწლიანი შრომა დაიცვან, დროს ფეხი აუწყონ და კლიმატის ცვლილებას შეიარაღებულები შეხვდნენ.

ციფრული ტექნოლოგია მეტია, ვიდრე ხელსაწყო. ეს არის გზა მომავლისკენ, სადაც არავინ დარჩება განვითარების მიღმა.    

დამატებითი ინფორმაცია

UNDP ხელს უწყობს კლიმატგონივრული საზოგადოების მშენებლობას საქართველოში, რათა ადამიანები, ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა მეტად იყონ დაცული კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისა და ეკონომიკური შოკებისგან. 

74 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კლიმატური პროგრამა კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს მთავრობის და შვედეთისა და შვეიცარიის დაფინანსებით ხორციელდება. 

პროგრამის განხორციელებაში ჩართულები არიან საქართველოს საჯარო და სამოქალაქო სექტორები, აკადემიური ინსტიტუტები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, საერთაშორისო პარტნიორები და ადგილობრივი მოსახლეობა.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.