კვლევა: საქართველოდან ევროკავშირის ბაზრებზე საქონლის ექსპორტის სატრანსპორტო სისტემა. 2026

Research: Transportation System for Exporting Goods from Georgia to the European Union. 2026

pdf (2.3MB)

გადმოტვირთვა

კვლევა: საქართველოდან ევროკავშირის ბაზრებზე საქონლის ექსპორტის სატრანსპორტო სისტემა. 2026

9 ნოემბერი 2026

წინამდებარე კვლევა შეისწავლის საქართველოს ექსპორტის სატრანსპორტო სისტემას შუა დერეფნისა და ევროკავშირის ქვეყნებთან ვაჭრობის პერსპექტივებისა და შესაძლებლობების გათვალიწინებით.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სატრანსპორტო სისტემის გავლენას მცირე და საშუალო ზომის საწარმოების საექსპორტო შესაძლებლობების რეალიზებაზე.

კვლევაში აღწერილია საქართველოს სატრანსპორტო პოლიტიკა და ინსტიტუციური ლანდშაფტი, მიმოხილულია სატრანსპორტო სისტემის მოდერნიზებისა და განვითარების გზები და ხაზგასმულია ლოგისტიკური გამოწვევები, რომლებიც ხელს უშლის მცირე და საშუალო საწარმოებს სრულად გამოიყენონ ევროპული ბაზრების შესაძლებლობები. 

კვლევაში ასევე წარმოდგენილია მოკლე და საშუალოვადიანი რეკომენდაციები ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის ლოგისტიკის გაუმჯობესებისათვის.

ძირითადი გამოწვევები

  • არაპროპორციულად მაღალი სატრანსპორტო ხარჯები მცირე და საშუალო საწარმოებისთვის. 
  • მოძველებული სატვირთო ავტოპარკი, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებს არ შეესაბამება.
  • არაპირდაპირი და დროში გაწელილი სახმელეთო მარშრუტები და საბორნე მიმოსვლა.
  • რეგიონებში საჰაერო სატვირთო მომსახურებაზე შეზღუდული წვდომა.
  • შეფერხებები საზღვარზე და საბაჟო დაყოვნებები. 
  • ცივი ჯაჭვის ინფრასტრუქტურის დეფიციტი.
  • ტვირთის მოცულობების ფრაგმენტაცია და კონსოლიდაციის სუსტი მექანიზმები.
  • ლოგისტიკის მართვაში უნარებისა და ცოდნის ნაკლებობა
  • ინფრასტრუქტურის სხვა ხარვეზები, მათ შორის არარეგულარული საბორნე მომსახურება, შიდა გზების არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა და აღჭურვილობის ლიზინგის შეზღუდული შესაძლებლობები.

მოკლევადიანი რეკომენდაციები

  • ტვირთების მისადაგების (freight-matching) ციფრული პლატფორმის ამოქმედება მცირე და საშუალო საწარმოების ტვირთების გაერთიანებისა და ერთეულზე სატრანსპორტო ხარჯების შესამცირებლად.
  • რეგიონული კონსოლიდაციის ჰაბების შექმნა სატვირთო მანქანებისა და კონტეინერების ერთობლივი დატვირთვისთვის.
  • რეგიონული აეროპორტებიდან სეზონური ჩარტერული სატვირთო რეისების ამოქმედება.
  • მცირე და საშუალო საწარმოების ტვირთებისთვის საბაჟო „მწვანე დერეფნის“ პროცედურების დაჩქარება.
  • მთავარ საწარმოო რეგიონებში მობილური სამაცივრე საწყობების განთავსება.
  • ხარისხიან საწყობებზე მცირე და საშუალო საწარმოების წვდომის სუბსიდირება.
  • მცირე და საშუალო საწარმოების ლოგისტიკური ასოციაციის შექმნა რესურსების გაერთიანებისა და საერთო ინტერესების ადვოკატირებისთვის.

საშუალოვადიანი რეკომენდაციები

  • სატვირთო ავტოპარკის მოდერნიზაცია ლიზინგისა და სუბსიდირების პროგრამების მეშვეობით.
  • ბაქო-თბილისი-ყარსის დერეფანზე ინტერმოდალური სარკინიგზო-საპორტო მომსახურების განვითარება.
  • საჯარო-კერძო თანამშრომლობის ჩარჩოების შექმნა რეგიონულ საწყობებსა და ცივი ჯაჭვის ობიექტებში ინვესტირებისთვის.
  • რეგულაციების გაუმჯობესება (მაგ., საბაჟო საწყობების უფრო მოქნილი წესები) მცირე და საშუალო საწარმოების ლოგისტიკური მოქნილობის გასაზრდელად.

დამატებითი მოსაზრებები

  • მდგრადი ტრანსპორტირების სისტემა ევროპული ბაზრების ათვისების საკვანძო წინაპირობაა. მწვანე შეთანხმების (Green Deal) ფარგლებში, ევროპელი მყიდველები თავისი მიწოდების ჯაჭვების ნახშირბადის კვალით სულ უფრო ხშირად ინტერესდებიან. საქართველოს შემთხვევაში, მოძველებულ სატვირთო ავტოპარკი, ცარიელი დაბრუნებითი რეისები და არასრულად გამოყენებული რკინიგზა არა მხოლოდ გარემოსდაცვითი საკითხია, არამედ ექსპორტისა და ბაზრებზე წვდომის შემაფერხებელი ფაქტორიც.
  • სისტემები და უნარები ერთდროულად უნდა ვითარდებოდეს. მაგალითად, ისეთი ციფრული ინსტრუმენტები, როგორიცაა e-CMR, შედეგს მხოლოდ მაშინ იძლევა, როდესაც საბაჟო ბროკერებსა და ექსპედიტორებს მათი გამოყენების შესაძლებლობა აქვთ.

დისქლეიმერი

კვლევა მოამზადა ქართულმა კომპანიამ ACT LLC, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ექსპორტის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში.

კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის თვალსაზრისს.