ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა ბათუმში რეგიონულ ურბანულ ფორუმს უმასპინძლებენ

1 October 2023
Future-Fit Cities Urban Forum 2023

მომავლის ქალაქების ფორუმი 2023

4-5 ოქტომბერს, ევროკავშირისა (EU)და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივით, ბათუმში გაიმართება რეგიონული ურბანული ფორუმი „მომავლის ქალაქები“ (Future-Fit Cities). ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება რეგიონის ურბანული განვითარების პერსპექტივების გამოვლენას ემსახურება.

ფორუმის ორგანიზატორები არიან ევროკომისიის გენერალური დირექტორატი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში (DG NEAR) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მათი ერთობლივი ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ფარგლებში. ფორუმის ორგანიზებასა და ჩატარებაში ასევე ჩართულები არიან ევროკავშირისა და UNDP-ის  პარტნიორი ორგანიზაციები. 

Future-Fit Cities ფორუმის მიზანია თანამედროვე ურბანული ლანდშაფტის შესახებ სიღრმისეული მსჯელობის გამართვა და სტრატეგიული გზების დასახვა მედეგი, ეკოლოგიურად მდგრადი და ეკონომიკურად ძლიერი ქალაქების მშენებლობისკენ. ფორუმის დღის წესრიგში შედის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ლიდერობასთან, ფინანსებთან და მწვანე მომავლისკენ გადასვლასთან რეგიონში მიმდინარე კრიზისების გათვალისწინებით.

ფორუმის მუშაობაში ჩაერთვებიან უმაღლესი დონის საერთაშორისო გამომსვლელები ისეთი ორგანიზაციებიდან, როგორიცაა ARUP და კრეატული ბიუროკრატიის ფესტივალი (Creative Bureaucracy Festival). თავის ხედვასა და მიგნებებს წარმოადგენენ საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, და  რეგიონის ქვეყნების მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.

ფორუმს დაესწრებიან მერები აზერბაიჯანიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, საქართველოდან და უკრაინიდან.

50-მდე მომხსენებელი ისაუბრებს ურბანული გამოწვევების, ურბანული გარდაქმნის, შესაბამისი ფინანსური მექანიზმების, სამოქალაქო ეკონომიკისა და მწვანე და სამართლიანი გადასვლის შესახებ.

ინიციატივა „მერების ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) 2017 წლიდან ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება. 2021 წლიდან, ამ ინიციატივის მართვას უძღვება გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)  ევროკავშირთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სხვა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით. 

ორდღიანი რეგიონული ურბანული ფორუმი „მომავლის ქალაქები“ (Future-Fit Cities) გაიხსნება 4 ოქტომბერს 09:00 საათზე, სასტუმროში „ჰილტონი ბათუმი“.

მედიის წარმომადგენლებს ვთხოვთ გაიარონ რეგისტრაცია ამ ბმულზე.

ტექნიკური შეკითხვებით მიმართეთ: 
მედიასთან დაკავშირებული შეკითხვებით მიმართეთ: