საქართველო უერთდება მსოფლიო დიალოგს ჯანსაღი პლანეტისა და საყოველთაო კეთილდღეობისთვის

საერთაშორისო კონფერენციის „სტოკჰოლმი+50“-ის წინა პერიოდში, გაეროს განვითარების პროგრამა და შვედეთის მთავრობა ხელს უწყობენ ფართომასშტაბიან კონსულტაციებს საქართველოს მწვანე, კლიმატგონივრული და თანასწორი მომავლის შესახებ

12 April 2022

საქართველოს ეროვნული კონსულტაცია სტოკჰოლმი+50 კონფერენციისთვის

UNDP Georgia/ლელი ბლაგონრავოვა

საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის 100-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო პირველ ეროვნულ საკონსულტაციო შეხვედრას, რომელიც საერთაშორისო კონფერენციის „სტოკჰოლმი+50“-ის წინა პერიოდში იმართება. საკონსულტაციო შეხვედრების შედეგად, საქართველოს საზოგადოების ფართო წრე ჩაერთვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მსჯელობაში გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებასთან გამკლავებისა და პანდემიის შემდგომი აღდგენის კლიმატგონივრული გზების შესახებ.

ეროვნული საკონსულტაციო შეხვედრების მეშვეობით, საქართველო შეუერთდა მსოფლიოს 58 ქვეყანაში მიმდინარე პროცესს, რომელიც წინ უძღვის შვედეთში 2-3 ივნისს დაგეგმილ კონფერენციას „სტოკჰოლმი+50“. ეს საერთაშორისო ღონისძიება ეძღვნება გაეროს პირველი გარემოსდაცვითი კონფერენციის 50 წლის იუბილეს, როდესაც გარემოს დაცვა პირველად დადგა გაეროს გენერალური ასამბლეის დღის წესრიგში.

„სტოკჰოლმი+50“-ის მონაწილეები მსოფლიოს გარემოსდაცვითი ძალისხმევის ხუთი ათწლეულის შედეგებს შეაჯამებენ და იმ კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაბიჯებზე იმსჯელებენ, რომელიც უნდა გადაიდგას ჯანსაღი პლანეტისა და საყოველთაო კეთილდღეობის მისაღწევად.

საქართველოში ეროვნული საკონსულტაციო შეხვედრები გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით გაიმართება და სამ ძირითად საკითხს შეეხება - მდგრადი განვითარების გარემოსდაცვითი შემადგენელი, თანამშრომლობა ჯანსაღი პლანეტისა და თანასწორი განვითარებისთვის და პანდემიის შემდგომი აღდგენა გარემოსდაცვითი საკითხებისა და კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობის გათვალისწინებით.

საკონსულტაციო შეხვედრებში ჩაერთვებიან როგორც საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო პარტნიორების, ისე არასამთავრობო, გარემოსდაცვითი და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადამიანის უფლებების, სოციალური და ეკონომიკური საკითხების ექსპერტები.

ეროვნული საკონსულტაციო შეხვედრების შედეგების, შემუშავებული რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმების განხილვა „სტოკჰოლმი+50“ კონფერენციის დროს შედგება.          

„გარემოსდაცვითი მდგრადობისა და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობის მიღწევა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილია. დღევანდელი მსოფლიოსთვის, რომელიც ამდენად დამოკიდებულია ბუნებრივ გარემოზე, ბუნებრივი რესურსების კონსერვაცია, განახლებადი ენერგიის განვითარება, დაბინძურებისა და ემისიების შემცირება და გარემოზე არსებული წნეხის აღმოფხვრა ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა“, - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში ანნა ჩერნიშოვამ.

„1972 წლის სტოკჰოლმის კონფერენციიდან ხუთი ათწლეულის შემდეგ, შვედეთის მთავრობა, კენიის მთავრობასთან თანამშრომლობით, საერთაშორისო დიალოგს უმასპინძლებს, რომელიც მდგრადი განვითარების გარემოსდაცვით განზომილებას შეუწყობს ხელს. მოხარულები ვართ მხარი დავუჭიროთ საქართველოს მონაწილეობას ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროცესში და ეროვნული ხედვის წარდგენას მწვანე და კლიმატის ცვლილებისადმი მედეგი განვითარების საკითხებში“, - აღნიშნა შვედეთის ელჩის მოადგილემ/შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ერიკ ილესმა.

თბილისში გამართული ღონისძიების შემდეგ, „სტოკჰოლმი+50“-ის მოსამზადებელი საკონსულტაციო შეხვედრები 19 აპრილს თელავში და 28 აპრილს ბათუმში ჩატარდება.  

საკონტაქტო ინფორმაცია: