მომავლის სოფელი: მაჭახლის ტყეში დაკარგული

საქართველოს უნიკალური ეროვნული პარკი ეკო-ტურისტებს მასპინძლობს

2 November 2021

ფოტოს ავტორი: ირაკლი ძნელაძე/UNDP

ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საგრანტო ხელშეწყობის შედეგად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სოფლის განვითარების ადგილობრივი ინიციატივები განხორციელდა. ეს წარმატებული პროექტები ხელს უწყობს სოფლის ეკონომიკის დივერსიფიცირებას და წარმოების, სერვისებისა და ტურიზმის განვითარებას.  

მაჭახლის ტყეში დაკარგული

რა არის „ვუდჰაიდი“? ზღაპრული ფერიას სახლი, სტრესისგან განტვირთვის საუკეთესო საშუალება, მაჭახელას ეროვნული პარკის სიღრმეში ჩაკარგული მყუდრო სავანე.

ამ არაჩვეულებრივი ტურისტული პროექტის იდეა ნათია კახიძეს ეკუთვნის. „ვუდჰაიდის“  შესაქმნელად მან ბათუმში სამსახური და წარმატებული კარიერა მიატოვა და მშობლიურ მაჭახლის ხეობას დაუბრუნდა.

საწყისი ხელშეწყობა (55,000 ლარი ანუ დაახლებით 17,500 აშშ დოლარი) ნათიამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისგან მიიღო, რომელიც ევროკავშირისა და UNDP-ის მიერ წამოწყებულ საგრანტო პროგრამას საკუთარი სახსრებით შეუერთდა და რამდენიმე ადგილობრივი პროექტი დააფინანსა.

„მშენებლობის პროცესი საკმაოდ რთული იყო. მთელი ზამთარი აქ გავატარეთ, ვცდილობდით, ყველაფერი დროზე მოგვესწრო და ტურისტული სეზონისთვის მზად ვყოფილიყავით“, - იხსენებს ნათია.

აჭარის ტურისტულ რუკაზე „ვუდჰაიდმა“ თავისი განსაკუთრებული ადგილი მალევე დაიმკვიდრა და მაჭახელას ეროვნული პარკი პოპულარიზაციასაც შეუწყო ხელი. ნათია კახიძე დარწმუნებულია, რომ ასეთი ლამაზი და ჯანსაღი ადგილი მსოფლიოში არსად მოიძებნება.

„ვფიქრობ, ყველაფერი გამოგვივიდა. ახლა ტურისტებს შეუძლიათ ჩამოვიდნენ და ეს სილამაზე საკუთარი თვალით იხილონ.“

თურქეთთან სიახლოვის გამო, საბჭოთა დროს მაჭახლის ხეობა დახურული ზონა იყო. მესაზღვრეებისა და სპეციალური საშვების მქონე პირების გარდა, აქ შემოსვლა ყველას ეკრძალებოდა. მკაცრი კონტროლისა და იზოლაციის პირობებში გატარებულმა ათწლეულებმა ხეობის მოსახლეობა გარე სამყაროს მოწყვიტა და სიფრთხილეს მიაჩვია.

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, მთელს საქართველოში და, რა თქმა უნდა, მაჭახლის ხეობაშიც ცვლილებების ქარმა დაუბერა. საშვები და გადაადგილების შეზღუდვა წარსულს ჩაბარდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკამ სწრაფი ზრდა დაიწყო, რამაც მაჭახლის ხეობის განვითარებისთვის დამატებითი შესაძლებლობები შექმნა.

თუმცა მაჭახელა მაინც საკუთარი რიტმით ცხოვრებას განაგრძობდა და თითქოს ვერ ამჩნევდა შავი ზღვისპირეთის ეკონომიკურ ბუმს, რომელსაც სულ რაღაც ნახევარი საათის გზა აცილებდა. ხეობის მოსახლეობა კვლავ მცირე ფერმერობას მისდევდა და თავს ხე-ტყის ჭრითა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით ირჩენდა.   

2012 წელს, მაჭახლის ხეობას ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ამას გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და გლობალურმა გარემოსდაცვითმა ფონდმა (GEF) შეუწყეს ხელი.

ეროვნული პარკის ამოქმედების შემდეგ, მაჭახლის ხეობის განვითარება სრულიად ახალ საფეხურზე გადავიდა. უნიკალური კოლხური ტყეების მონახულებით ათასობით ტურისტი დაინტერესდა, ხოლო ეკო-ტურიზმის განვითარება რეალისტურ პერსპექტივად იქცა.

ნათია კახიძის აზრით, ამ ახალი პერსპექტივების გათავისებისა და გამოყენებისთვის, ხეობის მოსახლეობას სწორედ სოფლის განვითარების პროექტები სჭირდება.

„ასეთი პროექტები აცოცხლებს ჩვენს სოფელს და ჩვენს კუთხეს, გვაძლევს მაგალითს, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აქაურობა არ მივატოვოთ და ჩვენი მომავლის სოფელი შევქმნათ“.