მომავლის სოფელი: გაიღიმე!

მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობა სტომატოლოგიურ მომსახურებას ადგილზე მიიღებს

2 November 2021

ფოტოს ავტორი: ირაკლი ძნელაძე/UNDP

ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საგრანტო ხელშეწყობის შედეგად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სოფლის განვითარების ადგილობრივი ინიციატივები განხორციელდა. ეს წარმატებული პროექტები ხელს უწყობს სოფლის ეკონომიკის დივერსიფიცირებას და წარმოების, სერვისებისა და ტურიზმის განვითარებას.  

გაიღიმე!

„მინდა, რომ ადამიანები ხშირად იღიმებოდნენ და ბევრი კბილი ჰქონდეთ,“ ამბობს ბესიკ დეკენაძე.

ბესიკი სოფელ ხულოს მაცხოვრებელია. სტომატოლოგიური ლაბორატორიის გახსნაზე სტუდენტობიდან ოცნებობდა და ამის მისაღწევად ბევრს შრომობდა.

პირველი ნაბიჯები საკმაოდ რთული აღმოჩნდა. სამედიცინო კოლეჯში სწავლის დასრულების შემდეგ, თურქეთში ციტრუსების პლანტაციებზე სეზონურად მუშაობდა, რათა საკუთარი ბიზნესის დასაწყებად სასტარტო კაპიტალი  დაეგროვებინა. საბოლოოდ, პატარა სტომატოლოგიური ლაბორატორიის გახსნა მოახერხა, თუმცა პირველ ხანებში, ხელოვნური კბილების დასამზადებლად მხოლოდ ერთი მარტივი ხელსაწყო გააჩნდა.

„ხულოს მაცხოვრებლებს კბილების ჩასასმელად ბათუმში წასვლა უწევდათ. ახლა, სრული მომსახურება აქვე, ადგილზე გვაქვს“, - ამბობს დეკენაძე.

2021 წელს, დეკენაძის სტომატოლოგიური ლაბორატორია ევროკავშირისა და UNDP-ის საგრანტო პროგრამაში ჩაერთო და 62,400 ლარის (დაახლოებით 20,000 აშშ დოლარის) დახმარება მიიღო. ამ ხელშეწყობის შედეგად, ლაბორატორია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა, მათ შორის ციფრული სკანერითა და სხვა დანადგარებით.

თუ ადრე ხულოს მოსახლეობა კბილების სამკურნალოდ ბათუმს მიემგზავრებოდა, ახლა უკვე ხარისხიანი და შედარებით იაფი სერვისის მისაღებად, მაღალმთიან სოფელს ბათუმელებმა მიაშურეს.

„თუნდაც დიდი შემოსავალი არ მქონდეს, მაინც მირჩევნია, რომ ბიზნესი აქ განვავითარო და ჩემს თანასოფლელებს ცხოვრება გავუადვილო“, - ამბობს ბესიკ დეკენაძე.

„ბიზნესის წამოწყება ადვილი არაა. ხანდახან გეშინია, როგორ იმუშავებს. მაგრამ მთავარია მონდომება და მიზანს ყოველთვის მიაღწევ.“