მე შემიძლია გკითხო „როგორ ხარ?“

23 September 2019

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

„ჩემი მშობლიური ენა უფრო ჟესტურია, ვიდრე ჩვეულებრივი ქართული“, - ამბობს მაია კუბლაშვილი, ექვსი შვილის დედა და ჟესტური ენის თარჯიმანი, რომელმაც ჟესტებით საუბარი ჯერ კიდევ ბავშვობაში მშობლებთან ურთიერთობისთვის ისწავლა.

„ჩემი მშობლები სმენაშეზღუდულები არიან. მათთან ურთიერთობისთვის სულ პატარამ ვისწავლე ჟესტური ენა. ცხადად მახსოვს ერთი ეპიზოდი, როდესაც მხოლოდ წლისა და სამი თვის ვიყავი. შუაღამისას დედაჩემი გავაღვიძე და პირველად  ავუხსენი ჟესტური ენით, რომ ჩემს პატარა ძმას გაღვიძებოდა და ტიროდა“, - იხსენებს მაია.

ამჟამად ჟესტური ენიდან თარგმნა მაიას მთავარი პროფესიული საქმიანობაა. იგი ყრუთა კავშირთან თანამშრომლობს და ბევრს აკეთებს სმენადაქვეითებული ადამიანების განათლებისა და ინკლუზიური გარემოს განვითარებისთვის.

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

„ვატარებ ტრენინგებს სოციალური მუშაკებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, სპეც-პედაგოგებისთვის. ასევე ვმუშაობ სმენადაქვეითებული ბავშვების მშობლებთან, რათა მათ შვილებთან სრულფასოვანი კომუნიკაცია შეძლონ“, - ამბობს მაია.     

ჟესტური ენა სულ უფრო დიდ ადგილს იმკვიდრებს ქართული საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჟესტური ენის თარჯიმნებზე მოთხოვნაც დღითიდღე იზრდება. ახლო წარსულში  საზოგადოებრივ და საჯარო საქმიანობაში სურდო-თარგმანს მხოლოდ გარდაუვალი აუცილებლობისას მიმართავდენ. ახლა კი ჟესტით გაცოცხლებული სიტყვა ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიებისა და თავყრილობის განუყოფელი ნაწილია.

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

მაია იხსენებს, როგორ თარგმნა საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა 2019 წლის ივნისში, გაეროს მიერ ამბროლაურში ორგანიზებული მდგრადი განვითარების ფესტივალზე.

„სცენიდან ყრუთა თემის წარმომადგენლები შევნიშნე და მათი სიხარულით ანთებული თვალები დავინახე“, - ამბობს მაია. „შემდეგ ერთი ქალი და მისი შვილი, რვა წლის სმენადაქვეითებული ბიჭუნა გამეცნენ და ჟესტური ენის შესწავლის სურვილი გამოთქვეს. ვეცადე, პატარასთვის ამეხსნა, რომ ეს მისი ენაა და, თუ მოინდომებდა ადვილად ისწავლიდა. ბიჭუნამ  გაღიმებული სახითა და ინტერესით სავსე თვალებით მიმახვედრა, რომ ენის დასაუფლებლად აუცილებლად მოგვაკითხავდა“.

ამბროლაურში ჟესტური ენის შესწავლა ჯერჯერობით შეუძლებელია, ასე რომ რაჭველ ბიჭუნას ამისთვის თბილისში ჩამოსვლა მოუწევს. საქართველოს რეგიონებში ასეთი ოჯახები საკმაოდ ბევრია, რაც ჟესტური ენის სწავლებასა და პოპულარიზაციას კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

2015 წლიდან საქართველოს რეგიონებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე 50 ადგილობრივი საბჭო ამოქმედდა, რომელთა საქმიანობის ერთერთი მიზანი სწორედ მსგავსი საკითხების მოგვარებაა.       

ჟესტური ენის განვითარება და დახვეწა კიდევ ერთი აქტუალური საკითხია. როდესაც 2018 წელს საქართველოს იუსტიციის სახლმა სმენადაქვეითებული ადამიანების საჭიროებებზე მორგებული სერვისების დანერგვა გადაწყვიტა, აღმოჩნდა, რომ ქართულ ჟესტურ ენაში სახელმწიფო სერვისების აღმნიშვნელი ბევრი სიტყვა უბრალოდ არ არსებობს. ჟესტური ენისთვის ახალი ტერმინების შემუშავება და დანერგვა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი. ამ დახმარების შედეგად ქართულ ჟესტურ ენას 400-ზე მეტი ტერმინის შესაბამისი ჟესტები დაემატა, ოცმა ოპერატორმა შესაბამისი მომზადება გაიარა და ჟესტურ ენაზე ალაპარაკდა, ხოლო იუსტიციის სახლის წინა ხაზის 750-ვე თანამშრომელმა გაირა ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობის პირებისათვის საჭიროებებზე მორგებული სერვისების მიწოდების საკითხებში. გარდა ამისა, შემუშავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების სტანდარტი, რომელიც იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში ამოქმედდა.  

ფოტოს ავტორი: ლელი ბლაგონრავოვა/UNDP

„შვიდი წელია, რაც იუსტიციის სახლში ვმუშაობ“, - გვიყვება იუსტიციის სახლის ოპერატორი, ფიქრია სიფრაშვილი. „კარგად მახსოვს ის დღე, როდესაც ჟესტური ენის ტრენინგის შესახებ გვაცნობეს. სიხარულის გრძნობა დამეუფლა, რადგან ბავშობიდან მომწონდა ჟესტებით მოსაუბრე ადამიანების ყურება და გული მწყდებოდა, რომ არაფერი მესმოდა. ვაცნობიერებდი, რომ ჟესტური ენის შესწავლა ადვილი საქმე არ იქნებოდა, მაგრამ ტრენინგს დიდი მონდომებით შევუდექი. ახლა უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჟესტურ ენას სრულყოფილად ვფლობ“.

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ივლისამდე სმენადაქვეითებული პირებისთვის ადაპტირებული სერვისი იუსტიციის სახლში 500-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

„ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის უზომოდ ემოციურია ყოველი შეხვედრა სმენადაქვეითებულ ადამიანთან“, - ამბობს ფიქრია სიფრაშვილი. „თავიდან სიხარულს ვერ ვმალავდით, რომ ერთმანეთთან თარჯიმნის გარეშე საუბარი შეგვეძლო. ამაყი ვარ, რომ  ჩვენი სერვისის მიწოდება კიდევ ერთ ენაზე შემიძლია.“

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

ფლორა ბეჟანიშვილს და მისი ოჯახის წევრებს იუსტიციის სახლში მოსვლა საკმაოდ ხშირად უწევთ. ოჯახის რვა წევრი სმენადაქვეითებულია. ყოველი მათგანი იუსტიციის სახლს სხვადასხვა ყოველდღიური საკითხის მოსაგვარებლად მიმართავს. თავად ფლორა აქტიური ადამიანია. ყრუთა კავშირში იგი ტრენერისა და ღონისძიებების ორგანიზატორის საქმიანობას ითავსებს.

„ადრე აქ თარჯიმნის გარეშე ვერ მოვიდოდი“, - ამბობს ფლორა.  „ახლა გარემო იმდენად ადაპტირებულია, რომ საზოგადოების სრულფასოვან წევრად ვგრძნობ თავს. ბევრ ოპერატორს პირადად ვიცნობ. საქმიან საუბარს ხშირად ერთმანეთის ამბების მოკითხვით ვიწყებთ. ეს ძალიან სასიამოვნოა! იმედი მაქვს, რომ მალე ამ მაგალითს სხვა საჯარო დაწესებულებებიც მიბაძავენ და მომსახურებას ჟესტურ ენაზე გაგვიწევენ“. 

ყრუთა კავშირის მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით ოთხი ათასი ზრდასრული სმენადაქვეითებული ადამიანია, რომელთათვისაც ეს მდგომარეობა ან თანდაყოლილია, ან ადრეულ ბავშვობაში შეძენილი. მაგრამ მათთვის ადაპტირებული გარემო ჯერაც არ არსებობს. ხშირად ისინი ინფორმაციულ ვაკუუმში ცხოვრობენ და ჟესტური ენის თარგმანზე ან კომუნიკაციის სხვა საშუალებებზე ხელი არ მიუწვდებათ. ეს არასრული სტატისტიკაც კი ცხადყოფს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინკლუზიური გარემოს განვითარება და შშმ პირების უფლებათა დაცვის გაუმჯობესება.   

2015 წლიდან საქართველოს საჯარო სივრცე უფრო მეტად გახსნილი გახდა სმენადაქვეითებული ადამინებისთვის. ბევრი ასეთი ინიციატივა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და მისი დონორების - ევროკავშირისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით განხორციელდა.  SMS და ვიდეო ზარი დაინერგა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცხელ ხაზში „112“, სერვისისა და სივრცის ადაპტირება დაიწყო იუსტიციის სახლებში, იურიდიული დახმარების სამსახურის ოფისებში და საქართველოს პარლამენტში. ბევრმა საჯარო მოხელემ ჟესტური ენის სასწავლო კურსი გაიარა, რამაც ადაპტირებული სერვისების მიწოდება განაპირობა.

„თანაბარი უფლებები და თანასწორი შესაძლებლობები მდგრადი განვითარების საფუძველია,“ - აცხადებს ლუიზა ვინტონი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელ საქართველოში. „ინკლუზიური გარემოსა და ინკლუზიური სახელმწიფო სერვისების შექმნის საქმეში საქართველომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია. ამის მიუხედავად, უფრო აქტიურ ქმედებებს ველოდებით შშმ პირების საჭიროებებზე მორგებული კანონმდებლობისა და პოლიტიკის შექმნაში, რომელიც ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის განხორციელებას“.

ფოტოს ავტორი: ლელი ბლაგონრავოვა/UNDP

თანასწორი გარემო, სადაც ყველა ადამიანი შეძლებს ურთიერთობას, განათლებას, დასაქმებას, უფლებებით სარგებლობას, სხვადასხვა სახის მომსახურების მიღებასა და თავისი პირადი პოტენციალის სრულფასოვნად გამოყენებას, საქართველოსთვის ჯერ კიდევ მომავლის საქმეა. მაია კუბლაშვილის აზრით, თავისი წვლილის შეტანა აქ ყოველ ჩვენგანს შეუძლია.

„ჟესტური ენის სულ მცირე ცოდნაც კი უსაზღვრო სიხარულს ანიჭებს სმენადაქვეითებულ ადამიანებს. ჟესტურად რომ ჰკითხო „როგორ ხარ?“, ეს მათთვის პატივისცემისა და სოციალური თანასწორობის გამოხატულებაა“, - ამბობს მაია.

„მჯერა, რომ მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება. ჩვენს გვერდით მყოფი ადამიანების გამო მინდა, რომ ეს ცვლილებები მალე მოხდეს“.