იცხოვრო სავსე ცხოვრებით

ქალი რეინჯერი, რომელიც სტერეოტიპებს ამსხვრევს და საკუთარ ოცნებას მისდევს

15 October 2019

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

“აი, ჩემი სამუშაო ადგილიც!” - ლუსინე დოსტიბეგიანი ღიმილით გასცქერის უშველებელ ხეობას, რომელიც სამშვილდის ციხესიმაგრის იქით იშლება. მისი სამეთვალყურეო ტერიტორია, ალგეთის ეროვნულ პარკის 184 ჰექტარი, აქედან ხელის გულზე მოსჩანს. ხეობის თავზე ორი ფრინველი ტრიალებს. „ეს ორბების წყვილია. აქ, ხეობაში ბუდობენ. წელს ბარტყი ჰყავთ, იმ დღეს ვნახე როგორ სწავლობდა ფრენას.“

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოში ამჟამად 400 რეინჯერი მუშაობს. აქედან მხოლოდ ოთხია ქალი, მათ შორის ლუსინე. 25 წლის რეინჯერი ყოველ დღე 20-კილომეტრიან გზას გადის. მის მოვალეობებში შედის როგორც ეროვნული პარკის უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვა, ასევე არანაკლებ უნიკალური ისტორიული ძეგლების მეთვალყურეობა.

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

“რამდენიმე წლის წინ წავიკითხე სტატია საქართველოს პირველი ქალი რეინჯერის შესახებ, რომელიც თუშეთის ეროვნულ პარკში მუშაობს. ცხენზე ამხედრებული გოგონას სურათი რომ დავინახე, ვიფიქრე - რა მაგარია! მეც მინდა ასეთი ვიყო!“

ლუსინეს ოცნება 2018 წლის ივლისში ახდა. „რეინჯერის გამოცდის ჩასაბარებლად რომ მივედი, ირგვლივ მხოლოდ კაცები დავინახე. ვიფიქრე - აქ ჩემი მოხვედრის მცირე შანსიც კი არ არსებობს. კომისიის წევრმა მკითხა - დარწმუნებული ხარ, რომ ტყეში სიარულს და ბრაკონიერების დევნას შეძლებო? მე ვუპასუხე, რომ ეს ჩემი საოცნებო სამსახური იყო. და, ამიყვანეს!“.

ლუსინეს მეწყვილე, დათო, თავდაპირველად ვერ იჯერებდა, რომ ქალ რეინჯერთან მოუწევდა მუშაობა. „ვფიქრობდი - ქალი ამ საქმეს როგორ გაუმკლავდება? ალბათ, ამ დატვირთვით მუშაობას ვერ შეძლებს. თუმცა, ლუსინემ ყველა ეჭვი მალევე გააქარწყლა. ის ნამდვილი პროფესიონალია და ადგილობრივ თემში დიდი პატივისცემით სარგებლობს“, -ამბობს დათო.

საქართველოს დაცული ტერიტორიები ნახევარ მილიონ ჰექტარს ფარავს, რაც ქვეყნის მთლიანი ფართობის თითქმის 9 პროცენტია. ბიომრავალფეროვნების გადარჩენის საჭიროებამ და ტურიზმის სწრაფმა განვითარებამ რეინჯერის პროფესია მეტად მნიშვნელოვან და მოთხოვნად  საქმიანობად აქცია. 

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

“ჩემს სამსახურეობრივ მოვალეობებში შედის როგორც ტერიტორიის ყოველდღიური შემოვლა, ასევე ფოტოკამერების შემოწმება. ხშირად ტურისტებს გიდობას ვუწევ და სკოლის მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო პროგრამებსაც ვმასპინძლობ. რამდენჯერმე ხიფათსაც გადავყრილვარ“, - ამბობს ლუსინე.

პირველად ბრაკონიერებს ორ სხვა რეინჯერთან ერთად ხეობაში პატრულირებისას გადააწყდა. „მდინარეს მივუყვებოდით. მე წინ წავედი და ჩემი ორი კოლეგა უკან ჩამოვიტოვე“, - იხსენებს ლუსინე. „უცებ მდინარეში ორი კაცი დავინახე. წყალში იდგნენ და ელექტრო მოწყობილობით თევზაობდნენ. შემეშინდა, მაგრამ სხვა რეინჯერებს დავუძახე და ბრაკონიერები ერთად დავაკავეთ.“  

2019 წლის ნოემბერში ლუსინე ნეპალში გაემგზავრება, სადაც რეინჯერთა მე-9 მსოფლიო კონგრესს დაესწრება. ამაში მას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობები დაეხმარებიან.

„უზომოდ მიხარია!“, - ამბობს ლუსინე. „მსოფლიოს 40 ქვეყნიდან ჩამოსულ 300-ზე მეტ რეინჯერს შევხდები და საქართველოში გარემოს დაცვაზე მუვუყვები. გენდერულ სტერეოტიპებზეც ვისაუბრებ, რადგან პროფესიულ საქმიანობაში ამ პრობლემას ხშირად  ვაწყდები“.

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

„საქართველო ნიჭიერი, ძლიერი და განათლებული ქალების ქვეყანაა. თუმცა ამ უზარმაზარი პოტენციალის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავაც გამოუყენებელია“, - ამბობს ლუიზა ვინტონი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში. „ქალების თითქმის ნახევარი არაა ჩართული ეკონომიკურ საქმიანობაში, ხოლო დასაქმებული ქალების საშუალო ხელფასი 36 პროცენტით ნაკლებია კაცების საშუალო ხელფასზე“.

ლუსინე კი იმ ქალებს მიმართავს, ვისაც რეინჯერის პროფესიაში საკუთარი თავის გამოცდა სურს. “გოგოებო, თუ თქვენი ქვეყანა და მისი ბუნება გიყვართ და ისიც იცით, რომ თქვენი ადგილი მხოლოდ შინ არაა, ეს სამსახური თქვენთვისაა. ამ ქვეყნად ერთხელ ვცხოვრობთ და ნურავის მივცემთ უფლებას, ჩვენს მაგივრად  გადაწყვიტოს, რა უნდა ვაკეთოთ და რა არა“.

***

მსოფლიოს გენდერული უთანასწორობის რეიტინგში საქართველო 99 ადგილზეა 149 ქვეყანას შორის. ქალების ჩართულობა ქვეყნის ეკონომიკასა და პოლიტიკაში კვლავაც დაბალია, რაც  განსაკუთრებით მწვავედ ქვეყნის რეგიონებზე აისახება. ქალების 44% შრომის ბაზრის მიღმა რჩება, ხოლო დასაქმებული ქალების საშუალო ხელფასი 36%-ით დაბალია კაცების საშუალო ხელფასზე. ქალების წარმომადგენლობა ადგილობრივ თვითმმართველობაში 13%, ხოლო პარლამენტში 15%-ს აღწევს.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის მთავრობა მხარს უჭერენ ქალების პოლიტიკური და ეკონომიკური მონაწილეობის ზრდას  და საქართველოს საზოგადოებაში არსებული გენდერული სტერეოტიპების მსხვრევას. ამ მიმართულებით ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში რამდენიმე პროექტი ხორციელდება.