დიდი გასეირნება ბორჯომის ტყეში

გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობს ტყის მართვის მდგრადი მიდგომების დანერგვას

28 February 2022

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

პანდემიის ორი წლის თავზე, რაზეც არ უნდა წერო, ყველგან კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი და საყოველთაო გაურკვევლობა გახსენდება. თუმცა, ღრმად ჩავისუნთქოთ და გავიხსენოთ, რომ ესეც გაივლის. ამის მოლოდინში კი, ყველაზე სასიამოვნო და ჯანსაღი საქმით დავკავდეთ - ტყეში სასეირნოდ გავეშუროთ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტი ამისთვის საუკეთესო ადგილია. ტყით დაბურული ხეობებსა და ბორცვებზე ხეტიალი ნამდვილი თავგადასავალია. მარადმწვანე ტყეში სეირნობისას, უზარმაზარ როდოდენდრონებს, წყავსა და კოლხური ფლორისთვის დამახასიათებელ სხვა მცენარეებს შეხვდებით. 1,400 მეტრის სიმაღლეზე, შერეული ტყის კორომებში აღმოჩნდებით. ხოლო მათ, ვინც 1,800 მეტრის სიმაღლეს შეეჭიდება, განსაკუთრებული ჯილდო ელის - დაუჯერებლად ლამაზი ყვავილებით მოფენილი სუბალპური მდელოები.

რაც უფრო მეტს სეირნობ, მით უფრო მეტ სიამოვნებას იღებ.

გაეროს განვითარების პროგრამაში ამის შესახებ საკუთარი გამოცდილებით ვიცით. გვიყვარს ბორჯომის ტყეში ხეტიალი, კარგად ვიცნობთ ამ ულამაზეს მხარეს და ჩვენი წვლილი  შეგვაქვს მისი უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვაში.

ბორჯომი ერთ-ერთი მუნიციპალიტეტია, სადაც UNDP-ის ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივა (BIOFIN) ეკოტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს. 2021 წელს, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მოსახლეობასთან თანამშრომლობით, შესაბამისი გეგმაც შევიმუშავეთ, რომელიც ამჟამად ბორჯომის ტყეში ხორციელდება. გარემოსდაცვითი ტურიზმის პერსპექტივები აქ, მართლაც, შთამბეჭდავია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ „მწვანე“ დასვენება სულ უფრო მეტ ქომაგს იძენს როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში.

ეს გარემოება საქართველოს ეროვნულმა სატყეო სააგენტომაც გაითვალისწინა და ეკოტურიზმის განვითარებისთვის ბორჯომის მუნიციპალიტეტში 16 სხვადასხვა ლოკაცია შეარჩია.

ყველა შერჩეული ადგილი ბიომრავალფეროვნებით, ბუნებრივი სილამაზითა და ისტორიული და კულტურული ძეგლებით გამოირჩევა. თუმცა, ტყის არასწორი გამოყენების შედეგად, მათი ძვირფასი ეკოსისტემა დაზიანებისა და განადგურების საფრთხის წინ აღმოჩნდა.

ბიოფინთან თანამშრომლობით შემუშავებულმა გეგმამ ბორჯომის მუნიციპალიტეტს ტყის მართვის ახლებური ხედვა შესთავაზა, აჩვენა, რომ ბიომრავალფეროვნების დაცვა ეკონომიკურ სარგებელსაც არ გამორიცხავს და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დასაქმებისა და შემოსავლის მიღების ახალ შესაძლებლობებს შექმნის.

ეკოტურიზმისთვის დამახასიათებელი ინფრასტრუქტურა - ზიპლაინები, თოკის ხიდები, სწორად მოწყობილი საკემპინგე ადგილები, ტურისტული ბილიკები და პანორამები - სათანადოდ არეგულირებს უკვე არსებულ ტურისტულ საქმიანობას და ბიომრავალფეროვნების დაცვისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას უზრუნველყოფს.

„ამ ტერიტორიაზე სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა შენდება, რომელიც ეკოტურიზმის პოპულარიზაციას ემსახურება“, - ამბობს ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევე კობა სილაგაძე.

ახალი ინფრასტრუქტურისა და ტურისტული ლოკაციების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია - საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები ბორჯომის პლატოზე, მყინვარული ტბები სოფელ დაბაძველში, ტურისტული ინფრასტრუქტურა ტიმოთესუბნის მღვიმეების ირგვლივ და 400 მეტრის სიგრძის ზიპლაინი, საიდანაც ბორჯომის ხეობის ხედი იშლება.

„ტურისტების რაოდენობა დღითიდღე იზრდება“, - ამბობს კობა.

UNDP-ის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელის ნინო ანთაძის თქმით, „ეკოტურიზმის კონცეფციის დანერგვის შედეგად, როგორც ხელისუფლება, ისე საზოგადოება უკეთ აცნობიერებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნების დაცვა და რა ეკონომიკური და სოციალური სარგებელი მოაქვს გარემოს დაცვაში განხორციელებულ ინვესტიციას“.

ეროვნული სატყეო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნათია იორდანიშვილი მიიჩნევს, რომ ბორჯომის ტყეში ეკოტურიზმის სისტემური განვითარება „საქართველოში მრავალფუნქციური ტყითსარგებლობის დანერგვისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯია“.

ეს მიდგომა სრულ თანხვედრაშია ბიოფინის მიზნებთან, რომელიც ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის დამატებითი დაფინანსების მოძიებას ემსახურება.

საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც 2016 წელს ბიოფინის გლობალურ ინიციატივას შეუერთდა. მას შემდეგ, ამ პროგრამის დახმარებით, ბიომრავალფეროვნებისა და ეკო-სისტემების ფინანსური მართვის გაუმჯობესებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული სახელმწიფო ბიუჯეტი 620 ათას ლარამდე გაიზარდა. 2019 წელს, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის სახელმწიფო ბიუჯეტის ყოველწლიური ასიგნებები 100,000 ლარიდან 400,000 ლარამდე გაიზარდა. UNDP-ის ხელშეწყობით, ასევე შემუშავდა ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული გაიდლაინები გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშებისთვის.

ახლა კი დროა, ბორჯომის ტყეს დავუბრუნდეთ და ჩვენი დიდი გასეირნება განვაგრძოთ. ერთსაც გეტყვით, რომ ამ მუნიციპალიტეტისთვის შემუშავებული ეკო-ტურიზმის მოდელი წარმატებით ინერგება საქართველოს სხვა რეგიონებში. საქართველოში, მისი უნიკალური ბიომრავალფეროვნებითა და ულამაზესი ბუნებით, ეკოტურიზმის განვითარების პერსპექტივები პრაქტიკულად შეუზღუდავია.

გაისეირნეთ ჩვენთან ერთად და თავად დარწმუნდით.