დაუცველთა პანდემია

გაეროს განვითარების პროგრამა მარტოხელა დაუცველ მოხუცებს ეხმარება

27 December 2020

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

გალინა ზაქრაძეს წელს 102 წელი შეუსრულდა. სამტრედიის მუნიციპალურ თავშესაფარში მის დაბადების დღეს  ყველა ერთნაირი ხალისით ზეიმობს - მაცხოვრებლებიც და პერსონალიც. გალინამ, ისევე როგორც თავშესაფრის თითქმის ყველა სხვა მაცხოვრებელმა, კორონავირუსი გადაიტანა, მაგრამ ავადმყოფობას ჩვეული შემართებითა და ოპტიმიზმით გაუმკლავდა.

სამტრედიის მუნიციპალური თავშესაფარი ქალაქის ცენტრისგან მოშორებით, ყოფილი საბაჟოს შენობაშია განთავსებული. ინფრასტრუქტურა მოძველებულია, რის შედეგადაც კარგი საცხოვრებელი პირობების შექმნა აქ პანდემიის დაწყებამდეც საკმაოდ რთული იყო.

მეუფე შიოს სიტყვებით, რომელიც მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით ამ თავშესაფარს ხელმძღვანელობს, საკვებითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფა საკმარისი არაა იმისთვის, რომ თავშესაფრის მაცხოვრებლებმა თავი სახლში იგრძნონ. მთავარია უსაფრთხოებისა და კომფორტის განცდა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ღირსების შენარჩუნება.

კორონავირუსის პანდემიამ ხანდაზმული ადამიანები განსაკუთრებული საფრთხის წინ დააყენა. 2020 წლის დეკემბრისთვის, თავშესაფრის ცხრამეტივე მკვიდრი დაავადდა, აქედან თხუთმეტს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, ხოლო ხუთი პაციენტი გარდაიცვალა. კორონავირუსმა პერსონალიც არ დაინდო, თუმცა სამტრედიის თავშესაფარმა ამ რთულ პირობებშიც მუშაობა განაგრძო და ხანდაზმულთა მომსახურება არც ერთი დღით შეუჩერებია.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღიდან, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) თავის მიმდინარე საქმიანობას გადახედა და ბევრი აქტივობა პანდემიის შედეგად წარმოქმნილ საჭიროებებს მოარგო. მოწყვლად და დაუცველ ხანდაზმულთა ხელშეწყობა პირველი თანრიგის პრიორიტეტებს შორის აღმოჩნდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, დღეს საქართველოში რეგისტრირებულია 772,300 პენსიონერი. აქედან 41,000 მარტო ცხოვრობს და უკიდურეს სიღარიბეს განიცდის. ამ უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის 85 პროცენტი ქალია.

არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციის თანახმად, პენსიონერთა უმეტესობას სახლის პირობებში მოვლა სჭირდება, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციებს ამ მოთხოვნის მხოლოდ 15 პროცენტის დაკმაყოფილება შეუძლიათ. თბილისი ერთადერთი ქალაქია, სადაც შინმოვლას ნაწილობრივ მუნიციპალური სერვისების მიმწოდებლები განახორციელებენ. მაგრამ აქაც პროფესიული შინმოვლის საჭიროების მქონე 20,000 ადამიანიდან აღნიშნულ მომსახურებას მხოლოდ 1,200 იღებს.

„ხანდაზმულთა მიმართ პატივისცემა საქართველოს კულტურის ნაწილია. მოხუცები უმეტესწილად დიდ ოჯახებში, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობენ. თუმცა ოჯახის მზრუნველობას მოკლებული ხანდაზმულები ხშირად სრულიად უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. პანდემიის პირობებში ამან შეიძლება მათ სიცოცხლესაც კი შეუქმნას საფრთხე. ჩვენ სწორედ ასეთ უმწეო მოხუცებს ვეხმარებით“, - ამბობს UNDP-ის ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი.

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

გაეროს განვითარების პროგრამის დახმარების პირველი პრიორიტეტი მუნიციპალური თავშესაფრების ხელშეწყობაა.

რუსთავში, სამტრედიასა და თბილისში ასეთ თავშესაფრებში 200-მდე ხანდაზმული ცხოვრობს. UNDP-ის ხელშეწყობით სამივე თავშესაფარი მუდმივად იღებს ვირუსისგან დამცავი საშუალებების მარაგს. დახმარებაში ასევე შედის სამზარეულოს ტექნიკა, ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები.

რუსთავის თავშესაფრისთვის UNDP-მ შეიძინა ჟანგბადის გენერატორები და ასევე მებაღეობისა და მევენახეობისთვის განკუთვნილი ტექნიკა, რის შედეგადაც 45 მოხუცს სუფთა ჰაერზე საქმიანობის შესაძლებლობა მიეცა და ბაღისა და ვენახის მოვლა გაუადვილდა. ამ დახმარების ყველაზე აქტიური მომხმარებელი თავშესაფრის ერთერთი ყველაზე ხანდაზმული მაცხოვრებელი, 84 წლის მარგარიტა გაზდელიანი აღმოჩნდა, რომელიც აქ 2018 წლიდან ცხოვრობს.

ფოტოს წყარო: საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება

UNDP-ის დახმარების მეორე პრიორიტეტი მარტო მცხოვრები ხანდაზმულების მხარდაჭერაა, რომლებიც პანდემიამ ხელშეწყობის გარეშე დატოვა და სოციალურ კონტაქტებსაც მოწყვიტა.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან თანამშრომლობით, გაეროს განვითარების პროგრამა 5,000 ასეთ მარტოხელა მოხუცს ეხმარება.

მომვლელთა ქსელი, რომელიც 600 პროფესიულად გადამზადებულ პერსონალს, მოხალისესა და არაფორმალურ მომვლელს აერთიანებს, შინზრუნვის მომსახურებასა და ვირუსის შესახებ ინფორმაციას აწვდის მოხუცებს.

გარდა ამისა, UNDP-ის ხელშეწყობით ასევე იქმნება  შინზრუნვის სერვისის მიმწოდებელთა ონლაინ სასწავლო პლატფორმა და მობილური აპლიკაცია, რომელიც საგრძნობლად გაამარტივებს მომვლელთა შრომას როგორც კრიზისის დროს, ასევე მისი დასრულების შემდეგ.

რომეო მალაზონია მოხალისე მომვლელია. ის ზუგდიდში ცხოვრობს და 82 წლის მერი ზაქარიას უვლის, აწვდის საკვებსა და მედიკამენტებს და ყოველდღიურ საქმიანობას უადვილებს. შინზრუნვის გარდა, ხანდაზმული ასევე იღებს ფსიქოლოგიურ ხელშეწყობას, რომელიც იზოლაციის გადატანაში ეხმარება.

ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა/UNDP

დევნილთა კოლექტიური ცენტრების ხელშეწყობა UNDP-ის დახმარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სფეროა.

საქართველოში 286,000 დევნილია რეგისტრირებული. აქედან 40,000 კვლავ კოლექტიურ ცენტრებში ცხოვრობს. სულ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 411 ასეთი ცენტრია. მათი უმეტესობა საბჭოთა კავშირის დროინდელი სასტუმროებისა და სანატორიუმების შენობებშია განთავსებული, ხოლო მათი ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი პირობები მინიმალურ სტანდარტსაც კი არ აკმაყოფილებს. ბევრმა ოჯახმა და მარტოხელა მოხუცმა ასეთ პირობებში ათობით წელი გაატარა.

ერთ-ერთი მათგანია აფხაზეთიდან დევნილი 85 წლის გულნაზი აბაშიძე, რომელიც სურამის კოლექტიურ ცენტრში 1993 წლიდან ცხოვრობს. პანდემიის დროს მისი უკიდურესად მძიმე მდგომარეობა თითქმის არ შეცვლილა, რადგან მანამდეც თავი ძლივს გაჰქონდა და ხშირად გათბობისა და საკვების შეძენის საშუალებაც კი არ ჰქონდა.

„ოჯახი და ნათესავები არ მყავს. ერთადერთი შემოსავალი პენსიაა“, - ამბობს გულნაზი.

ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან“ თანამშრომლობით, გაეროს განვითარების პროგრამამ 100 ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი კოლექტიური ცენტრის საჭიროებები შეისწავლა და დევნილთა ხელშეწყობა დაიწყო.

ცენტრებმა მიიღეს სანიტარული საშუალებები, მათი შიდა და გარე ტერიტორია დამუშავდა სადეზინფექციო ხსნარებით, ცენტრების მაცხოვრებლებმა მიიღეს ინფორმაცია კორონავირუსისგან დაცვის გზების შესახებ, პირადი დაცვის საშუალებები, საკვების ამანათები, შინზრუნვის მომსახურება და სხვა სახის ხელშეწყობა.

ამ მყისიერ დახმარებასთან ერთად, UNDP აგრძელებს მუშაობას შესაბამის უწყებებსა და ორგანიზაციებთან დევნილთათვის გრძელვადიანი გადაწყვეტილებების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით.

ფოტოს ავტორი: ლელი ბლაგონრავოვა/UNDP

ხანდაზმულთა დახმარება პანდემიაზე უფრო მასშტაბური რეაგირების ნაწილია, რომელიც UNDP-ის საკუთარი რესურსების გამოყენებითა და ასევე დანიის, დიდი ბრიტანეთისა და გაეროს პანდემიაზე რეაგირების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

UNDP-ის ხელმძღვანელის, ლუიზა ვინტონის სიტყვებით:

„პანდემიას ახალი გამოწვევები არ შეუქმნია. ამ კატასტროფის ფონზე გამოაშკარავდა და გამძაფრდა უკვე არსებული პრობლემები, რამაც ნათლად დაგვანახა, რომ მათი გადაწყვეტა გადაუდებელი აუცილებლობაა. ამის გათვალისწინებით, გაეროს განვითარების პროგრამა არა მხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარებას ეწევა, არამედ გრძელვადიან პერსპექტივასაც ეძებს, რათა ხანდაზმულმა ადამიანებმა იცხოვრონ სრულფასოვანი და ღირსეული ცხოვრებით“.