UNDP ეხმარება იძულებით გადაადგილებულ პირებს, გაუმკლავდნენ პანდემიის გამოწვევებს

კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები იღებენ მიზნობრივ დახმარებასა და სრულ ინფორმაციას კორონავირუსის საფრთხეებისა და პრევენციის გზების შესახებ

19 May 2020

ფოტოს წყარო: საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) COVID-19-ით გამოწვეულ პანდემიას განიხილავს, როგორც განვითარების მიმართ საფრთხეს, რომელიც ყველაზე მტკივნეულად მოსახლეობის სოციალურად და ეკონომიკურად დაუცველ ფენებზე აისახება. ამის გათვალისწინებით, UNDP-იმ დაიწყო ხუთთვიანი პროექტი, რომელიც 100 კოლექტიურ ცენტრში მცხოვრები 5,000 იძულებით გადაადგილებული პირის დახმარებას ემსახურება.

პროექტის ბიუჯეტი 60,000 აშშ დოლარს აღწევს, რაც UNDP-ის გლობალური სწრაფი რეაგირების ფონდის დაფინანსებას წარმოადგენს. პროექტის უშუალო განხორციელებაში ჩართულია საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“.

„იძულებით გადაადგილებული პირები COVID-19-ით ინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფია, განსაკუთრებით, თუ ისინი კოლექტიურ ცენტრებში ცხოვრობენ და წყლის, სანიტარული პირობებისა და ჯანდაცვის სერვისების ნაკლებობას განიცდიან,“ - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. „ჩვენ დევნილთა ყველაზე დაუცველ და მოწყვლად ჯგუფებს ვეხმარებით, რათა ხანდაზმულებმა და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებმა პანდემიის დროს სათანადო მხარდაჭერა მიიღონ“.

გასული აპრილიდან გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) შერჩეული კოლექტიური ცენტრების საჭიროებები შეაფასა და დევნილთა ხელშეწყობა დაიწყო. ცენტრების შიდა და გარე ტერიტორია სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა, ხოლო ცენტრების მაცხოვრებლებს შორის გავრცელდა 3,000 საინფორმაციო ლიფლეტი და 500 პოსტერი კორნავირუსისგან დაცვის გზების შესახებ. დევნილებმა ასევე მიიღეს პირადი დაცვის სანიტარული საშუალებები, ნიღბები და სანიტაიზერები.

მომავალი თვეების მანძილზე UNDP გააგრძელებს დევნილთა ხელშეწყობას საკვებითა და ჰიგიენის საშუალებებით. 70 უკიდურესად გაჭირვებული მარტოხელა ხანდაზმული მიიღებს შინზრუნვის მომსახურებას უშუალოდ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრისგან „აფხაზეთი“, ან შესაბამისი სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებისგან.

გარდა ამისა, UNDP ხელს შეუწყობს ახლადშექმნილი მრავალსექტორული საკოორდინაციო პლატფორმის მუშაობას, რომელიც იძულებით გადაადგილებული პირების ხელშეწყობის კოორდინირებისა და მწვავე პრობლემების გადასაჭრელად დაფუძნდა.

იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება ხორციელდება პანდემიაზე UNDP-ის უფრო ფართო რეაგირების ფარგლებში, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნების სულისკვეთებას ეხმიანება და მიზნად ისახავს, რომ არც ერთი ადამიანი, განსაკუთრებით ეკონომიკურად და სოციალურად დაუცველი ჯგუფებიდან, არ დარჩეს მხარდაჭერის გარეშე.     

საკონტაქტო ინფორმაცია:

სოფო ჭიჭინაძე, UNDP, sophie.tchitchinadze@undp.org, +995 599 196907