EU4Dialogue: საგრანტო კონკურსი (პირველი რაუნდი)

ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აცხადებს საგრანტო კონკურსის პირველ რაუნდს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის

22 December 2021

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს "EU4Dialogue (კომპონენტი 2): კონფლიქტის ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვას რესპუბლიკაში", რომლის ფარგლებშიც ცხადდება საგრანტო კონკურსი. მისი მიზანია სამხრეთ კავკასიის კონფლიქტით დაზარალებულ თემებში საცხოვრებელი პირობებისა და ადამიანების უსაფრთხოების გაუმჯობესება და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა.

სამხრეთ კავკასიაში არსებული გადაუჭრელი კონფლიქტები დაბრკოლებას წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობის განვითარებისთვის. კონფლიქტით დაზარალებულ თემებში მცხოვრებ მოსახლეობას უწევს გაუმკლავდეს მნიშვნელოვან გამოწვევებს, როგორიცაა არასათანადო წვდომა ხარისხიანი ჯანდაცვისა და განათლების სერვისებზე, არასტაბილური საარსებო წყაროები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სირთულეები, რაც ხშირად დამღუპველ გავლენას ახდენს მათ საცხოვრებელ პირობებზე. სოციალურ-ეკონომიკური პირობებისა და უსაფრთხოების გაუმჯობესება კონფლიქტით დაზარალებული საზოგადოებებისთვის კვლავაც უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა კონფლიქტის ტრანსფორმაციის მდგრადი საფუძვლის შესაქმნელად.

EU4Dialogue-ის საგრანტო მექანიზმის მიზანია სამხრეთ კავკასიის კონფლიქტით დაზარალებულ თემებში სოციალურ-ეკონომიკურ და უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირება, განსაკუთრებული ყურადღებით გენდერული თანასწორობის  პროგრესის, ბავშვებისა და ახალგაზრდების, ასევე ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების პერსპექტივების გაუმჯობესების მიმართულებით.

გრანტები გაიცემა ორ ლოტად. პირველი ლოტი დააფინანსებს სათემო ორგანიზაციებს, რათა მათ განახორციელონ ინიციატივები, რომლებიც უპასუხებენ ადგილობრივ დონეზე არსებულ პრიორიტეტულ საჭიროებებს, გამოავლენენ ლოკალურ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს თანამონაწილეობითი და  გენდერულად მგრძნობიარე პრობლემის ანალიზის შედეგად. მეორე ლოტი გასცემს გრანტებს გამოცდილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, რომლებიც განახორციელებენ ამავე მიზნების მქონე უფრო მასშტაბურ პროექტებს.

საგრანტო მექანიზმში მონაწილეობისთვის დასაშვებობის დეტალური კრიტერიუმები  მითითებული იქნება თითოეულ საგრანტო კონკურსში. საქართველოში განსახორციელებელ გრანტებზე განაცხადების მიღება დაწყებულია.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 10 თებერვალი.

საკონკურსო წინადადებების დეტალები შეგიძლიათ იხილოთ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შესყიდვების ვებგვერდზე.  

მომავალში მოსალოდნელია შემდგომი საგრანტო კონკურსების გამოცხადებაც.

***

"EU4Dialogue: კონფლიქტის ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვას რესპუბლიკაში" ევროკავშირის (EU) მრავალმხრივი პროგრამის ნაწილია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დიალოგისა და ადამიანებს შორის ურთიერთობისათვის ხელსაყრელი გარემოს განვითარებას ისახავს მიზნად. პროექტის საქმიანობა ვრცელდება დაზარალებულ საზოგადოებებსა და ჯგუფებზე და მათი ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას ემსახურება. მისი მიზანია, არავინ დარჩეე განვითარებისა და შესაბამისად დახმარების მიღმა.