ხარისხიანი და სანდო სტატისტიკური მონაცემები პანდემიაზე რეაგირების საფუძველია

გაეროს განვითარების პროგრამა და შვედეთის მთავრობა ხელს უწყობენ საქსტატის ინფორმაციული სისტემის განახლებასა და მონაცემთა უსაფრთხოების დაცვას

10 March 2021

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

სტატისტიკურ მონაცემებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პანდემიასთან ბრძოლის დროს, რადგან ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დაძლევა სანდო და ხარისხიან ინფორმაციას უნდა ეყრდნობოდეს. ამის გათვალისწინებით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) განაგრძობს თანამშრომლობას საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან, საქსტატთან, და ხელს უწყობს ამ საკვანძო უწყების ადაპტირებას პანდემიის ფონზე შექმნილ რეალობასთან.

UNDP-ის ათთვიანი პროექტი მიზნად ისახავს საქსტატის ხელშეწყობას რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულებით, როგორიცაა  ინფორმაციის უსაფრთხოების გაუმჯობესება, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველა სოციალური ჯგუფისთვის, მათ შორის მოწყვლადი და მარგინალური მოსახლეობისთვის.

UNDP-ის პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მათი უფრო ფართო ინიციატივის ფარგლებში, რომელიც საქართველოში დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობას ემსახურება.

“პანდემიის დროს წარმოქმნილ გამოწვევებს საქსტატი რეფორმების გატარებითა და ახალი მიდგომების დანერგვით პასუხობს. ძლიერი ეროვნული სტატისტიკის სისტემის არსებობა მნიშვნელოვანია როგორც კრიზისის დაძლევისთვის, ისე საქართველოს მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელებისთვის”, - განაცხადა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

პანდემიის ფონზე გამოცხადებული „ლოქდაუნის“ დროს, საქსტატმა მონაცემთა პირისპირ შეგროვება ონლაინ გამოკითხვებით ჩაანაცვლა. ამის შედეგად, გაიზარდა ზეწოლა ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურაზე. ამავდროულად, გამოიკვეთა ციფრული სისტემების მოდერნიზების, თანამშრომლების გადამზადების, დიდი მონაცემების (Big Data) დამუშავებისა და ანალიზის ახალი ინსტრუმენტების დანერგვისა და მონაცემთა უსაფრთხოების გაუმჯობესების აუცილებლობა.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, საქსტატი შეიმუშავებს ინფორმაციული სისტემებისა და მონაცემთა უსაფრთხოების ახალ პოლიტიკას და დაიწყებს სასწავლო პროგრამას 40-მდე თანამშრომლისთვის. დაიხვეწება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილი სერვისები. მაგალითად, საქსტატის ვებგვერდს დაემატება ამომცნობი პროგრამა მხედველობის დარღვევის მქონე ადამიანებისთვის.

გარდა ამისა, საქსტატი ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრებს სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველობის, აკადემიური წრეების, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ოფიციალური სტატისტიკის მიმართ საზოგადოების ნდობის გასამყარებლად.

„დღეს, როგორც არასდროს, ადამიანების ჯანმრთელობა, ეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობა და პანდემიით გამოწვეული კრიზისის გრძელვადიანი შედეგების დაძლევა დამოკიდებულია სანდო მონაცემების არსებობაზე. ჩვენი მხარდაჭერის მეშვეობით, საქსტატი შეძლებს ხარისხიანად შეასრულოს თავისი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმიანობა, დროული რეაგირება მოახდინოს ეროვნულ საჭიროებებზე და ხელი შეუწყოს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას საქართველოში”, - თქვა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.

გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მიერ გაწეული დახმარება ემყარება 2019 წელს განხორციელებული ინიციატივის მიღწევებს, რომელიც საქსტატის მიერ მონაცემთა შეგროვების, დამუშავებისა და გავრცელების ხარისხის, შესაბამისობისა და პროფესიონალიზმის ამაღლებას ემსახურებოდა.

UNDP და შვედეთის მთავრობა განაგრძობენ საქსტატის ხელშეწყობას საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების პირველი ოთხწლიანი სტრატეგიის განხორციელებაში, რომელიც 2020-2023 წლებს მოიცავს და საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ევროკავშირის სტატისტიკური სამსახურის (EUROSTAT), გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისა (UNECE) და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) რეკომენდაციებს ეყრდნობა.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • მარიამ ყაველაშვილი, საქსტატი, +995 32 2367210 ext.020, +995 599  337133,   mkavelashvili@geostat.ge
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • ირა სულავა, UNDP, +995 599 579105, irine.sulava@undp.org