ქართული მედია პოლარიზებულად აშუქებს როგორც უკრაინაში მიმდინარე ომს, ისე საქართველოში არჩევნების შემდგომ მოვლენებს

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ანგარიში ასახავს მედია ტენდენციებს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური საკითხების გაშუქებისას

27 April 2022

ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) გამოაქვეყნეს არჩევნების შემდგომი პერიოდის მედიამონიტორინგის ანგარიში, რომელიც 22 მედია საშუალებას მოიცავს - ექვს ტელევიზიას, ცხრა ონლაინ გამოცემასა და შვიდ გაზეთს. მედიის კვლევა ჩატარდა 2022 წლის 24 იანვრიდან 23 მარტამდე „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასა“ და „ინტერნიუს საქართველოსთან“ პარტნიორობით.

კვლევის მიხედვით, ქართულ მედიაში კვლავ პოლიტიკური მოვლენები დომინირებს, ხოლო ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებს ნაკლები ყურადღება ექცევა.

მონიტორინგის პერიოდის დაწყებიდან 23 თებერვლამდე, გაშუქების ძირითად შინაარს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენები წარმოადგენდა.

24 თებერვლიდან, უკრაინაში ომის დაწყებისთანავე, ქართული მედიის ყურადღებამ ძირითადად უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე გადაინაცვლა. მედიის ყველა სექტორი ინტენსიურად აშუქებდა საომარ ვითარებას, ჰუმანიტარულ კატასტროფას, უკრაინის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერასა და საქართველოს პოლიტიკური წრეებისა თუ საზოგადოების რეაგირებას განვითარებულ მოვლენებზე.

ისევე როგორც არჩევნების გაშუქებისას, ამ შემთხვევაშიც მედიაზე  საგრძნობი გავლენა იქონია საქართველოს საზოგადოებაში არსებულმა პოლიტიკურმა დაპირისპირებამ. სხვადასხვა სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედია-საშუალებები განსხვავებული ინტერპრეტაციით აშუქებდნენ მიმდინარე მოვლენებს.

ტელევიზიების უმეტესობა ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერპრეტაციასა თუ შეფასებას აძლევდა ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, მანიპულირებდა საზოგადოებრივი აზრით და ცდილობდა, რომ მიმდინარე მოვლენები ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოეჩინა.

სარედაქციო პოლიტიკის განსხვავებები გამოვლინდა ციფრულ მედიაშიც, რომელიც მანამდე პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებელი და საკმაოდ დაბალანსებული გაშუქებით გამოირჩეოდა. რამდენიმე ონლაინ გამოცემაში აშკარად იგრძნობოდა რუსული საინფორმაციო წყაროების გავლენა, გამოიყენებოდა შეცდომაში შემყვანი ფოტო-მასალა, ცრუ ნარატივები და მცდარი ან გადაუმოწმებელი ინფორმაცია.

მოვლენათა ურთიერთგამომრიცხავი ინტერპრეტაცია ასევე იგრძნობოდა ბეჭდურ მედიაში. გარდა ამისა, რამდენიმე ბეჭდურ გამოცემაში კვლავ აღინიშნებოდა დისკრიმინაციული ენის გამოყენება და ჰომოფობიური განცხადებები.

„ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა უკვე ათი წელია მხარს უჭერენ მედიის კვლევას საქართველოში. ანალიტიკური მედიამონიტორინგი ცხრა საარჩევნო ციკლის განმავლობაში ტარდებოდა. კვლევამ ხელი შეუწყო მედია გარემოს განვითარებას, მედიის მრავალფეროვნების გაზრდასა და დისკრიმინაციული ენის გამოყენების შემცირებას. ამის შედეგად, გაიზარდა გაშუქების ხარისხი და გამყარდა სამოქალაქო საზოგადოების სადამკვირვებლო ფუნქციები”, - განაცხადა ასუნსიონ სანჩეს რუისმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოადგილემ/პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა.

„სანდო და ეთიკური გაშუქება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ომის პერიოდში, როდესაც ადამიანებს ზუსტი ინფორმაცია სჭირდებათ. ჟურნალისტიკა ხმას აძლევს ფრონტის წინა ხაზზე მყოფ ადამიანებს და მათ, ვინც ამ კრიზისის შედეგად დაზარალდა. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომელიც სიფრთხილესა და პროფესიონალიზმს მოითხოვს“, - აღნიშნა ანნა ჩერნიშოვამ, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში.  

მედიამონიტორინგის ანგარიშები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე mediamonitor.ge

დამატებითი ინფორმაციისა და ინტერვიუების თაობაზე მოგვმართეთ:

ევროკავშირსა და გაეროს განვითარების პროგრამაში:

  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, +995 32 2943763, tamriko.mikadze@eeas.europa.eu

მედიამონიტორინგის განმახორციელებელ ორგანიზაციებში:

  • ნანა ბიგანიშვილი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, +995 597 001033, nanabigana@gmail.com
  • მარიამ გოგოსაშვილი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, +995 595 221918, gogosashvilimariami@gmail.com
  • გიორგი ჯოლოგუა, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, +995 595 025140, gjologua@cu.edu.ge
  • ეკა ბერიძე, Internews საქართველო, +995 557 363056, eka@internews.ge

მედიამონიტორინგის თარიღები:

2022 წლის 24 იანვარი - 23 მარტი

მედიამონიტორინგის განმახორციელებელი ორგანიზაციები:

  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია – ტელევიზია, ონლაინ მედია
  • ინტერნიუს საქართველო – ბეჭდური მედია

მედია-საშუალებები:

ტელევიზია

მონიტორინგი:

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ონლაინ მედია

მონიტორინგი:

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ბეჭდური მედია

მონიტორინგი:

Internews საქართველო

  1. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
  2. საზოგადოებრივი მაუწყებელი, 1-ელი არხი
  3. ტვ იმედი
  4. მთავარი არხი
  5. ტვ პირველი
  6. რუსთავი-2
  1. ambebi.ge
  2. interpressnews.ge
  3. mpn.ge
  4. netgazeti.ge
  5. news.on.ge   
  6. publika.ge
  7. radiotavisupleba.ge
  8. sputnik-georgia.com
  9. tabula.ge
  1. ახალი თაობა
  2. ალია
  3. ასავალ-დასავალი
  4. კვირის პალიტრა
  5. ქრონიკა+
  6. რეზონანსი
  7. საქართველო და მსოფლიო