საქართველოს რეგიონების ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა

ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობების დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობს ადგილობრივ ინიციატივებს ქვემო ქართლის რეგიონში

3 November 2021

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC)  და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური ხელშეწყობით, მხარს უჭერს სხვადასხვა სახის ინიციატივას საქართველოს რეგიონებში. პანდემიის დროს განვითარებული კრიზისის ფონზე, ეს ადგილობრივი პროექტები ეკონომიკური და სოციალური კრიზისიდან გამოსვლას, სახელმწიფო სერვისების მიწოდების გაუმჯობესებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას ემსახურება.

3 ნოემბერს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და UNDP-ის წარმომადგენლები ქვემო ქართლის რეგიონს ეწვივნენ და განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ურსულა ლოიბლი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ევრაზიის განყოფილების ხელმძღვანელი; დანიელ მევლი, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული დირექტორი; ანნა ჩერნიშოვა, UNDP-ის ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში; და გიგი ბრეგაძე, UNDP-ის დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი.

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სტუმრები შეხვდნენ ადგილობრივ მეწარმეებს, რომელთაც ბიზნესის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობების დაფინანსება მიიღეს. სულ ამ დახმარებით ქვემო ქართლის რეგიონში 300-მა ტურისტული სფეროს ბიზნესმა და სასოფლო-სამეურნეო საწარმომ ისარგებლა. გარდა ამისა, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, დაფუძნდა ქალ მეწარმეთა ქსელი, რომელმაც 30 აზერბაიჯანელი და ქართველი ქალი მეწარმე გააერთიანა. ქვემო ქართლის რეგიონის მიმართ გაწეული დახმარება 400 უშუალო მოსარგებლეზე, მათ შორის ქალებზე, ახალგაზრდებსა და ეთნიკური უმცირესობების  წარმომადგენლებზე გავრცელდა.

ვიზიტი გაგრძელდა ყაჩაღანის საზოგადოებრივ ცენტრში, სადაც SDC-სა და UNDP-ის წარმომადგენლები სახელმწიფო და კერძო სერვისების მიწოდებას გაეცნენ.

ყაჩაღანის საზოგადოებრივ ცენტრი 2019 წელს ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ევროკავშირისა (EU) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ხელშეწყობით აშენდა. საზოგადოებრივი ცენტრი სრულად მორგებულია ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებზე და 20,000 ადგილობრივ მაცხოვრებელს ემსახურება.

„სიღარიბესთან ბრძოლა და სამუშაო ადგილების შექმნა გაეროს განვითარების პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანია საქართველოში. შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდამჭერით, პანდემიის დროს ასობით მცირე ბიზნესსა და სოფლად მიმუშავე მეწარმეს დავეხმარეთ, რათა მათ თავისი ბიზნეს საქმიანობა შეენარჩუნებინათ და გაეფართოებინათ კიდეც“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელის მოადგილემ ანნა ჩერნიშოვამ.

UNDP-ის დახმარება ეყრდნობა ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობების მიერ დაფინანსებულ პროგრამას, რომელიც საქართველოს რეგიონული და ადგილობრივი განვითარებისა და კარგი მმართველობის მიზნებს ემსახურება. პროგრამა ხორცილდება ოთხ რეგიონში (გურია, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, ქვემო ქართლი) რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით.       

საკონტაქტო ინფორმაცია