რეგიონული ადგილობრივი განვითარების ოთხწლიანი პროგრამის შედეგების შეჯამება

დასრულდა მასშტაბური ინიციატივა, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოს რეგიონებში შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით ახორციელებდა

29 March 2022

ფოტოს ავტორი: ანკა გუჯაბიძე/UNDP

ოთხი რეგიონი, 23 მუნიციპალიტეტი და 14,000 პირდაპირი ბენეფიციარი – ასეთია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) 5.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ინიციატივის შედეგები, რომელიც  საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისა და კარგი მმართველობის  მიზნებს ემსახურებოდა.

პროგრამა “რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან პარტნიორობით განხორციელდა. მისი ფინანსური მხარდამჭერები იყვნენ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADC). შესრულებულმა საქმიანობამ საქართველოს ოთხი რეგიონი მოიცვა - გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი და ქვემო ქართლი.

ოთხი წლის მანძილზე (2018-2021) მიღწეულ შედეგებს შორისაა:

  • 20 ადგილობრივი განვითარების ინიციატივა, რომელიც სამიზნე მუნიციპალიტეტებმა 501,330 აშშ დოლარის დაფინანსებით განახორციელეს.
  • სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი ბიზნესის მიერ განხორციელებული 50 ადგილობრივი პროექტი, რომელთა სრულმა საგრანტო დაფინანსებამ 711,500 აშშ დოლარი. ამ დახმარების შედეგებით 400-ზე მეტმა მცირე საწარმომ და 8,150-მა უშუალო ბენეფიციარმა ისარგებლა.
  • ევროკავშირთან თანამშრომლობით, ჭრებალოსა და ყაჩაგანში ორი საზოგადოებრივი ცენტრის აშენება, აღჭურვა და მოწყობა. საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით, ადგილობრივი მოსახლეობა 200-ზე მეტი სახელმწიფო თუ კერძო სერვისით სარგებლობს.
  • საინფორმაციო კამპანია „ჩაერთე და მართე“, რომლის შედეგად საქართველოს რეგიონების მაცხოვრებლებმა მეტი გაიგეს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ჩაერთონ  გადაწყვეტილების მიღების პროცესში და რა მექანიზმები უნდა გამოიყენონ ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობისთვის.
  • ოთხ მაღალმთიან მუნიციპალიტეტში SMS პლატფორმების შექმნა მოსახლეობის ჩართულობისა და ინფორმირების გაზრდის მიზნით.
  • სოციალურად და ეკონომიკურად მოწყვლადი ჯგუფებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მიზნობრივი ხელშეწყობა პანდემიის ფონზე განვითარებული კრიზისის დროს. ამ დახმარებით როგორც ადგილობრივმა საჯარო მოხელეებმა, ისე მცირე მეწარმეებმა, სოფლად მცხოვრებმა ქალებმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა და ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებმა ისარგებლეს.
  • პოლიტიკის შექმნის დონეზე, UNDP-მ, შვეიცარიამ და ავსტრიამ ხელი შეუწყეს „დეცენტრალიზაციის სტრატეგიისა“ და „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის“ შექმნასა და დამტკიცებას. ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტები საქართველოს რეგიონული განვითარების მიმართულებებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხედვას  განსაზღვრავს.
  • პროგრამამ ასევე მხარი დაუჭირა საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ კანონის შექმნას, რამაც უფრო მოქნილი გახადა როგორც ინვესტიციების განხორციელება, ისე მუნიციპალიტეტების მიერ პირდაპირი დაფინანსების მიღება.
  • აღნიშნული კანონმდებლობის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან ჰარმონიზაციის მიზნით, შემუშავდა და მიღებულ იქნა 170-ზე მეტი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც  დეცენტრალიზაციის რეფორმის ძირითად მიმართულებებსა და ადგილობრივ დონეზე ახალი კომპეტენციების გადაცემის წესს  უკავშირდება.
  • დანიის მთავრობასთან თანამშრომლობით, შეიქმნა მუნიციპალური განვითარების სტრატეგიების შედგენის მეთოდოლოგია, რომელშიც გათვალისწინებულია როგორც ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება, ისე გენდერული თანასწორობის მიღწევა. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცების შემდეგ, აღნიშნული მეთოდოლოგია 37 მუნიციპალიტეტში დაინერგა.
  • შემუშავდა 11 მუნიციპალიტეტის ადგილობრივი საინვესტიციო პროფილები და სამი მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტები. ეს დახმარება ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიცირებასა და ინვესტიციების მოზიდვას ემსახურება.
  • ადგილობრივ დონეზე დაინერგა სერვისების მიწოდების ხარისხის მართვის სიტემა და შესაბამისი  ელექტრონული პლატფორმა. ამ მექანიზმის გამოყენებით, ორმა მუნიციპალიტეტმა მოახერხა ნარჩენების მართვისა და დასუფთავების სისტემების გამართვა.
  • შეიქმნა საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების 10 სასწავლო მოდული, ხოლო 306-მა ადგილობრივმა საჯარო მოხელემ შესაბამისი გადამზადება გაირა.
  • მოსახლეობისთვის ელექტრონული სერვისების მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, 23-მა მუნიციპალიტეტმა მიიღო ელექტრონული აღჭურვილობა (ლეპტოპები, სკანერები და მულტი-ფუნქციური პრინტერები).

24-25 მარტს, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნიკ ბერესფორდი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონებში გაემგზავრნენ და პროგრამის განხორციელების კონკრეტულ  შედეგებს გაეცნენ.

„ჩვენმა პროგრამამ ხელი შეუწყო დეცენტრალიზაციის პროცესსა და შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებას. მათ შორის, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მუნიციპალიტეტებს შეუძლიათ საერთაშორისო დონორებისგან პირდაპირი დაფინანსების მიღება. გარდა ამისა, საქართველოს რეგიონებში ჩამოყალიბდა რამდენიმე ინოვაციური პარტნიორობა, გაუმჯობესდა ბიზნეს-გარემო და შეიქმნა დასაქმების შესაძლებლობები. ამ შედეგებით 14,000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა”, - განაცხადა ნიკ ბერესფორდმა.

„პროექტის დახმარებით, ჩვენ ხელი შევუწყეთ ადგილობრივ დონეზე ეფექტური მენეჯმენტის დანერგვას, გავაუმჯობესეთ საჯარო სერვისების მიწოდება, შემოვიღეთ ინოვაციური გადაწყვეტილებები ადგილობრივი გამოწვევებისთვის და ხელი შევუწყვეთ კერძო და საჯარო ინსტიტუტებს შორის მნიშვნელოვან პარტნიორობას. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი საფუძველია საქართველოს მდგრადი და დაბალანსებული ტერიტორიული განვითარების შემდგომი პროცესისთვის“, - აღნიშნა მზია გიორგობიანმა.

„ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა შვეიცარიის დახმარების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ჩვენმა მრავალწლიანმა მხარდაჭერამ და ეფექტიანმა თანამშრომლობამ როგორც საქართველოს მთავრობასთან, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან, დადებითი შედეგი გამოიღო. ხელი შევუწყეთ დეცენტრალიზაციის პროცესის გამყარებასა და შესაბამისი პოლიტიკის შექმნას, ხოლო ადგილობრივ დონეზე სერვისების მიწოდების ხარისხის გაზრდას. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენი საქმიანობა დადებითად აისახა 20-ზე მეტი მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელთა ცხოვრებაზე“, - განაცხადა სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა და შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენელმა დანიელ მეულიმ.

„ჩვენმა კომპლექსურმა დახმარებამ ხელი შეუწყო ადგილობრივ განვითარებაში ახალი მოდელებისა და გადაწყვეტების დანერგვას და დეცენტრალიზაციის კონცეფციის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას. ძლიერი თვითმმართველობა, აქტიური და ჩართული მოსახლეობა და მდგრადი ადგილობრივი ეკონომიკა გადამწყვეტ როლს ასრულებს დემოკრატიული და მედეგი საზოგადოების მშენებლობის საქმეში, რაც კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ჩვენს გამოწვევებით დატვირთულ დროს“, - განაცხადა ავსტრიის განვითარების სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრე კარნერმა.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) გააგრძელებს საქართველოს რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობას სხვა ინიციატივების ფარგლებში, რომლებიც, მდგრად და ყოვლისმომცველ ეკონომიკურ განვითარებასა და  დემოკრატიულ მმართველობას ემსახურება.

საკონტაქტო ინფორმაცია: