ნარჩენების სორტირება, როგორც ქცევითი ექსპერიმენტი

UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორია ხელს შეუწყობს ნარჩენების დახარისხების პრაქტიკის დანერგვას ბათუმსა და თბილისში

8 September 2021

ფოტოს ავტორი: დავით ხიზანიშვილი/UNDP

გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ხელი მოაწერა შეთანხმებებს ბათუმისა და თბილისის მუნიციპალიტეტებთან, რომელთა ფარგლებში UNDP ხელს შეუწყობს ნარჩენების მართვის პრაქტიკის დანერგვასა და ცხოვრების მდგრადი სტილის პოპულარიზაციას. პროექტი განხორციელდება UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორიის მეშვეობით.

UNDP შეისწავლის ადამიანთა ქცევას ნარჩენების მართვასთან მიმართებაში და გაარკვევს, რა ზომების გატარებაა საჭირო იმისთვის, რომ საქართველოს ორი დიდი ქალაქის მოსახლეობამ ნარჩენების სორტირება დაიწყოს. კვლევის შედეგად ასევე გამოაშკარავდება ადგილობრივი თვითმმართველობის როლი ნარჩენების მდგრადი მართვის კულტურის დანერგვის საქმეში.

პროექტის ფარგლებში ჩატარდება ქცევითი ექსპერიმენტი საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობების ეფექტიანობის შესწავლის მიზნით. ბათუმისა და თბილისის რამდენიმე უბანში განთავსდება 40-მდე კონტეინერი პლასტიკის ნარჩენების დახარისხებისთვის. საპილოტე უბნებში, ამას დაემატება საინფორმაციო კამპანია ნარჩენების სორტირების მნიშვნელობის შესახებ, ხოლო საკონტროლო უბნებში, მოსახლეობა დამატებით ინფორმაციას აღარ მიიღებს. ექსპერიმენტის ბოლოს, ორ ჯგუფში მიღებული შედეგების შედარებით გაირკვევა, თუ რამდენად მოქმედებს ინფრასტრუქტურის არსებობა და ინფორმაციის სათანადო გავრცელება ნარჩენების მდგრადი მართვის ჩვევის ჩამოყალიბებაზე.

UNDP-სა და ბათუმისა და თბილისის მუნიციპალიტეტების პროექტი, რომლის მთლიანი ღირებულება 34,000 აშშ დოლარია, 2021 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე განხორციელდება. ბათუმში ამ ინიციატივის პარტნიორია შპს „სანდასუფთავება“, ხოლო თბილისში შპს „თბილსერვისგრუპი“.

„საქართველოს ორ ყველაზე სწრაფად მზარდ ქალაქში - თბილისსა და ბათუმში ნარჩენების მართვის საკითხი კვლევაც მოუგვარებელია. სორტირება პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია წრიული ეკონომიკის მიმართულებით, რომელიც სასიკეთოა როგორც გარემოსთვის, ისე ადამიანისთვის. საზოგადოებაში დამკვიდრებული ქცევის შესწავლა და გააზრება საფუძველს დაუდებს ნარჩენების მართვის სფეროში გავრცელებული სოციალური პრაქტიკის შეცვლას და  ამ მხრივ, ეფექტიანი პოლიტიკისა და სხვა ზომების გატარებას“, - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელის მოადგილემ ანნა ჩერნიშოვამ.

საქართველოში ყოველწლიურად 900,000 ტონამდე ნარჩენი წარმოიშვება. ამ მთლიანი რაოდენობის 75 პროცენტი ნაგავსაყრელებზე ხვდება, რაც ხელს უწყობს ნიადაგის, წყლისა და ჰაერის დაბინძურებას და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგიის მიხედით, 2025 წლისთვის, საქართველომ პლასტიკური ნარჩენების 50 პროცენტი უნდა გადაამუშავოს, ხოლო 2030 წლისთვის - 80 პროცენტი. ამ ამბიციური მიზნის მისაღწევად, ქვეყანამ უნდა გაატაროს კომპლექსური და თანმიმდევრული ზომები, რომლებიც ნარჩენების წარმოქმნის შემცირებასა და მდგრად მართვას უზრუნველყოფს.   

საკონტაქტო ინფორმაცია: