ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ პირველი ფაზა დასრულდა

საქართველოს მუნიციპალიტეტები ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების ინოვაციურ ხერხებს ეცნობიან

8 December 2021

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ქსელში გაერთიანებული 48 მუნიციპალიტეტის მერებმა და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სპეციალისტებმა ინოვაციური იდეების საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამართული რეგიონული საინფორმაციო შეხვედრები შეაჯამეს. საგრანტო კონკურსის შედეგად შერჩეული თითოეული მუნიციპალიტეტი შეძლებს თავისი იდეის განსახორციელებლად 60,000 ევრო მიიღოს.

საგრანტო პროგრამა ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) რეგიონული ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“, M4EG, ფარგლებში.

M4EG პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ხორციელდება (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა) და საშუალო და მცირე ზომის ურბანულ დასახლებებზეა ორიენტირებული. საგრანტო კომპონენტის გარდა, ეს ინიციატივა ითვალისწინებს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას, ინკლუზიურ ზრდაზე ორიენტირებული ინოვაციური მიდგომების სწავლებას და ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას ისეთ საკითხებში, როგორიცაა ადგილობრივ კონტექსტზე მორგებული ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმების შემუშავება, სტრატეგიული ხედვა და მდგრადი ურბანული განვითარება.

“პანდემიით გამოწვეული გამოწვევები მსოფლიოს ქალაქებზე მწვავედ აისახა და ადგილობრივი თვითმმართველობა ახალი პრობლემების წინაშე დააყენა. ამ გამოწვევებს შორისაა რესურსების ნაკლებობა და მრავალმხრივი კრიზისი, რომელიც ქალაქების სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაზე აისახება. ახალმა რეალობამ „რადიკალური გაურკვევლობის“ პრობლემა შექმნა, რომელსაც მსოფლიოს ბევრი რეგიონის მუნიციპალიტეტები აწყდებიან. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სხვა ქალაქებს ამ ცვალებად რეალობას უკეთ მოერგონ“, - განაცხადა ევროკავშირის ეკონომიკის, რეგიონული განვითარებისა და საჯარო ფინანსების პროგრამის მენეჯერმა ირაკლი ხმალაძემ.

“მოხარულები ვართ, რომ ამ პროგრამამ მუნიციპალიტეტების ინტერესი გამოიწვია. ამ ინიციატივის მეშვეობით, საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ შექმნან, გამოცადონ და დანერგონ ადგილობრივი განვითარების სრულიად ახალი მიდგომები, რომლებიც სისტემურ აზროვნებას, სტრატეგიულ ინოვაციასა და დარგობრივი პორტფელების დიზაინის მეთოდებს ეფუძნება“ - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა.

M4EG პროექტის მეშვეობით, ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობენ პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევასა და ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებაში ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას. ადგილობრივ თვითმმართველობებთან და მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობით, M4EG პროექტი განვითარების ინოვაციურ მიდგომებს იძიებს და არსებული ქსელის გაფართოვებაზე მუშაობს.

მუნიციპალიტეტებისთვის განკუთვნილ საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის განაცხადების მიღება 2021 წლის 20 დეკემბერს დასრულდება. 2022 წლის დასაწყისში, ამ განაცხადების საფუძველზე ერთი საპილოტე მუნიციპალიტეტი შეირჩევა, რომელიც დარგობრივი პორტფელის დიზაინის მეთოდის დანერგვაზე იმუშავებს. ეს მიდგომა ადგილობრივი განვითარების ძირეულ გარდაქმნას ითვალისწინებს და ინტეგრირებულ   სწავლებას, რესურსების მართვას, არსებული შესაძლებლობების გამოყენებასა და ექსპერიმენტულ მიდგომას მოიცავს. კონკურსის შედეგად გამოვლენილი სხვა მუნიციპალიტეტები ჩაერთვებიან ინოვაციური იდეების საგრანტო პროგრამაში – City Make-Over: Reimagining City Life.

დამატებითი ინფორმაცია M4EG ინიციატივის  შესახებ:

ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული ინიციატივა M4EG, „მერები ეკონომიკური განვითარებისთვის“, 2017 წლიდან მიმდინარეობს. 2021 წლიდან, M4EG ინიციატივის განხორციელებას გაუძღვება გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ევროკავშირთან (EU), ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სხვა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში.

საკონტაქტო ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის:

საქართველოში:

UNDP-ის რეგიონულ ოფისში (Istanbul Regional Hub):

  • ანტონ სიდორენკო, M4EG კომუნიკაციის ხელმძღვანელი, anton.sydorenko@undp.org

საკონტაქტო ინფორმაცია M4EG ინიციატივით დაინტერესებული პირებისთვის:

საქართველოში:

  • თინათინ ტყეშელეშვილი, M4EG პროექტის მენეჯერი საქართველოში, tinatin.tkeshelashvili@undp.org

UNDP-ის რეგიონულ ოფისში (Istanbul Regional Hub):