ბუნების დაცვა მდგრადი განვითარების საკვანძო შემადგენელია

რეინჯერის მსოფლიო დღეს საქართველო ხაზს უსვამს ქვეყნის პრიორიტეტებს ბიომრავალფეროვნების დაცვისა და კლიმატის პოლიტიკის გატარების მომართულებით

31 July 2020

Photo: Vladimir Valishvili/UNDP

ბუნების დაცვა საქართველოს ეროვნული პრიორიტეტია. დაცული ტერიტორიები საგრძნობლად გაიზარდა გასული 30 წლის მანძილზე და ამჟამად ქვეყნის მთლიანი ფართობის თითქმის 10 პროცენტს შეადგენს.

რეინჯერის მსოფლიო დღეზე, რომლის საზეიმო აღნიშვნა 31 ივლისს თბილისის სიახლოვეს საბადურის ტყეში გაიმართა, ღონისძიების მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს, რომ საქართველოს მდიდარი ბუნება ფასდაუდებელი სიმდიდრეა, რომელიც დაცვას საჭიროებს. მნიშვნელოვანი მიღწევების მიუხედავად, გაცილებით მეტია გასაკეთებელი იმისთვის, რომ გარემოსდაცვითი და კლიმატის პოლიტიკა ქვეყნის განვითარების ყველა სექტორში სათანადოდ დაინერგოს.

ღონისძიება გაიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ ორგანიზებით და საერთაშორისო პარტნიორების - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობის, გერმანიის მთავრობის, იაპონიის მთავრობისა კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) და სხვათა მხარდაჭერით.

საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებმა და საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიულოცეს საქართველოს რეინჯერებს მათი პროფესიული დღე და პატივი მიაგეს რეინჯერების ხსოვნას, რომლებიც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაიღუპნენ.

„ყველა რეინჯერს ვულოცავ დღევანდელ დღეს“, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. „400 რეინჯერი საქართველოს ყველაზე ლამაზ და უნიკალურ ტერიტორიებს იცავს. თითოეული მათგანი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. სწორედ ამიტომ არიან ეს ადამიანები  გმირები”.

„კლიმატის ცვლილება, ისევე როგორც ადამიანის საქმიანობით გამოწვეული სხვა კატასტროფები, განგაშის ზარია, რომელიც გვახსენებს, რომ კაცობრიობა დაუფიქრებლად ხელყოფს ბუნების მიერ დაწესებულ ჩარჩოებს“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. „დღეს ჩვენ მადლობას ვუხდით საქართველოს დაცული ტერიტორიების მცველებს, მაგრამ ყოველი ჩვენგანი თავად უნდა გახდეს რეინჯერი, რომელსაც ჩვენი პლანეტის დაცვა და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება ევალება“.

დაცული ტერიტორიების განვითარება საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც განმტკიცებულია შესაბამისი ეროვნული პოლიტიკითა და სტრატეგიებით. 1991 წლის შემდეგ, დაცული ტერიტორიების მთლიანი ფართობი თითქმის გასამმაგდა და ამჟამად 667,000 ათას ჰექტარს იკავებს.

საქართველო ასევე ატარებს  რამდენიმე ფუნდამენტურ რეფორმას, რომელთა მიზანია დაცული ტერიტორიების მართვის გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების უკეთ დაცვის უზრუნველყოფა და ეკოსისტემის სერვისების ინტეგრირება ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში.

რეინჯერების ინსტიტუტის გაძლიერება სწორედ ამ რეფორმების ნაწილია, რაც საქართველოს ეროვნული პარკების მართვასა და დაცვას, ხოლო მათი სტუმრების უსაფრთხოებასა და ინფორმირებას ემსახურება. დღეს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე დასაქმებულია 396 რეინჯერი, მათ შორის ხუთი ქალი.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ათ წელზე მეტია ხელს უწყობს საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებას. UNDP-ის დახმარება ხორცილდება შვედეთის მთავრობისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით. დაცული ტერიტორიების ხელშეწყობის საქმეში UNDP ასევე თანამშრომლობს ეროვნულ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და ადგილობრივ მოსახლეობასთან.

ბოლო წლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტებისა და ინიციატივების ძირითადი მიმართულებებია დაცული ტერიტორიების განვითარების სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება, მათი ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა, რეინჯერების განათლებისა და სათანადო აღჭურვის ხელშეწყობა, ეკო-ტურიზმის განვითარება, ტურისტული ინფრასტრუქტურის, მაგალითად, ბილიკებისა და საინფორმაციო ცენტრების მოწყობა, და საზოგადოების ინფორმირება დაცული ტერიტორიების  შესახებ.           

საკონტაქტო ინფორმაცია