ახალგაზრდები თანასწორობაზე, ჩართულობასა და განათლებაზე მსჯელობენ

გაეროს განვითარების პროგრამა და შვედეთის მთავრობა საქართველოს უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას აღრმავებენ

5 November 2021

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის საელჩოს წარმომადგენლები 5 ნოემბერს ქუთაისს ეწვივნენ. ახალგაზრდებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან გამართული შეხვედრების მსვლელობაში, UNDP-ის ხელმძღვანელმა ნიკ ბერესფორდმა და შვედეთის ელჩის მოადგილემ, შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ერიკ ილესმა ადამიანის უფლებებზე, თანასწორობასა და განათლებაზე ისაუბრეს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, გაიმართა მსჯელობა თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის ციფრული ხელსაწყოებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე ადამიანების უფლებების დაცვის საქმეში. სტუმრებმა და უნივერსიტეტის სტუდენტებმა ისაუბრეს STEM განათლებაში (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა) ქალთა ჩართულობის გაზრდაზე, რაც საქართველოში ამჟამად 16 პროცენტს არ აღემატება.

ნიკ ბერესფორდი და ერიკ ილესი ასევე შეხვდნენ ორგანიზაციის “იდენტობა/Identoba Youth“ წევრებს და ადგილობრივი ლგბტქი+ თემის წარმომადგენლებს. მსჯელობა შეეხო იმ გამოწვევებს, რომელთაც ქუიარ ადამიანები და მათი მხარდამჭერები ყოველდღიურად უმკლავდებიან და არაფორმალური სამოქალაქო განათლების შესაძლებლობებს სოციალური და კულტურული ცვლილების საქმეში.

„მივესალმები ახალგაზრდების ენერგიაs, ენთუზიაზმსა და სწავლის მიმართ დამოკიდებულებას. ყველა ახალგაზრდას შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე იცხოვროს და ისწავლოს დისკრიმინაციისა და უთანასწორობისგან თავისუფალ გარემოში. გაეროს განვითარების პროგრამა განაგრძობს საქართველოს ხელშეწყობას თანასწორი და სამართლიანი საზოგადოების მშენებლობაში, სადაც ყველა ადამიანი შეძლებს საკუთარი მისწრაფებების რეალიზებას და არავინ დარჩება განვითარების მიღმა“, - განაცხადა ბერესფორდმა.

„განათლება და ადამიანის უფლებების პატივისცემა წარმატებული საზოგადოების საფუძველია. როგორც საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი მდგარი ეკონომიკური და სოციალური განვითარების საკითხებში, შვედეთი მხარს უჭერს ადამიანის უფლებების, თანასწორობისა და მრავალფეროვნების პრინციპების პოპულარიზაციას ყველა სოციალურ ჯგუფში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში“, - აღნიშნა ილესმა.

UNDP-სა და შვედეთის საელჩოს ვიზიტი გაგრძელდა აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში, სადაც სტუმრები კოვიდ ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრნენ. შეხვედრის შემდეგ, ყველა მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა ადგილზე გაევლო რეგისტრაცია და აცრილიყო.

შეხვედრა გაიმართა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის ორგანიზებით საგანმანთლებლო კამპანიის „ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად“ ფარგლებში. კამპანიის მიზანია კოვიდ ვაქცინებთან დაკავშირებული ცრუ ინფორმაციის გაქარწყლება, საქართველოს მოსახლეობის ინფორმირება და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობა. კამპანიის ინიციატორები არიან UNDP და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ხოლო მხარდამჭერები - დანია, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი, შვედეთი, შვეიცარია და გაეროს მდგრადი განვითარების ფონდი.

კამპანია „ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად“  სექტემბერში დაიწყო, თუმცა, ამ მოკლე დროის მანძილზე, საზოგადოების საკმაოდ ფართო ფენა მოიცვა - სოფლად მცხოვრები მოსახლეობა, ახალგაზრდობა, კერძო სექტორის წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები და სოციალურად მოწყვლადი ჯგუფები.

საკონტაქტო ინფორმაცია