გამოგონებების მუზეუმი: თვითგამორკვევის კიდევ ერთი გზა

გვეგონა, რომ ქართული გამოგონებების მუზეუმი თანამონაწილეობითი განვითარების ხელშეწყობაა. დაუჯერებელია, თუ როგორ იქცა ის ჩვენი წარსულის დეკოლონიზაციის კიდევ ერთ შესაძლებლობად...

30 July 2021

გამოგონების ავტორი: დავით მიზანდარი. ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) სწრაფი განვითარების ლაბორატორიაში, მტკიცედ გვჯერა, რომ ადამიანებს, რომელთა წინაშე კონკრეტული პრობლემა წამოიჭრება, შეუძლიათ მისი გადაჭრის საზრიანი, მარტივი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადგილობრივად მისაღები ხერხები მოიძიონ. თუმცა, პრობლემის გადასაჭრელად შექმნილი ამგვარი სახალხო გამოგონებები, უმთავრესად, შეუმჩნეველი რჩება და სხვა ადამიანები, რომლებიც მსგავსი გამოწვევების წინაშე დგანან, მათ ვერ იყენებენ. 

სწორედ ამ მიზნით, სწრაფი განვითარების ლაბორატორიათა ქსელმა მთელ მსოფლიოში სახალხო გამოგონებათა აღნუსხვა ითავა და „გამოგონებათა საფარი“ დააარსა. საფარი გულისხმობს  ისეთი ადგილობრივი გამოგონებების აღმოჩენას, რომლებიც ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას ემსახურება. მსგავსი გამოგონებების გამოვლენით, მხარდაჭერითა და წარმოების მასშტაბის გაზრდით, ჩვენ ხელს ვუწყობთ ადგილობრივ განვითარებას და პრობლემების შემოქმედებით გადაჭრას. ეს ყველაფერი კი თანამონაწილეობითა და მოსახლეობის ჩართულობით ხორციელდება.

საქართველოში ჩატარებული პირველი საფარის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით, შევქმენით ქართულ გამოგონებათა მუზეუმი. თუმცა, მალევე მივხვდით, რომ ეს უნიკალური პლატფორმა არა მხოლოდ ადგილობრივი იდეების ნავსაყუდელია, არამედ ერთგვარი საშუალება, რომელიც გვეხმარება კოლექტიურად გადავიაზროთ ის ამბები, რომლებსაც ჩვენ, როგორც საზოგადოება, ვყვებით ჩვენს ინოვაციურობასა და პრობლემები კრეატულად გადავჭრის უნარზე. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ეს მუზეუმი, შესაძლოა, იყოს კიდევ ერთი გზა ჩვენი კოლონიური წარსულის გადასააზრებლად. 

ქართულ გამოგონებათა მუზეუმის მოკლე ისტორია 

2021 წლის აპრილში, სწრაფი განვითარების ლაბორატორიამ  პირველი საფარის ჩატარება გადაწყვიტა და კონკურსის თემად პანდემიასთან დაკავშირებული გამოგონებები შეარჩია. იმ დროს COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ჯერ კიდევ შედარებით მაღალი იყო, ვაქცინის რაოდენობა - შეზღუდული და კომენდანტის საათი მოქმედებდა. თუმცა,  ქვეყანა უკვე ემზადებოდა პანდემიის დროს შემოღებული წესების შემსუბუქებისა და კარზე მომდგარი ტურისტული სეზონის გასახსნელად. ცხადი იყო, რომ სასწრაფოდ გვჭირდებოდა იმ  გონიერი და შემოქმედებითი გზების მოძიება, რომელიც ვირუსისგან  დაგვიცავდა და  პანდემიით განპირობებული სირთულეების გადალახვაში დაგვეხმარებოდა. 

ადგილობრივი გადაწყვეტების გამოსავლენად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამგზავრებასა და ადამიანებთან  შეხვედრას ვაპირებდით. თუმცა, პანდემიამ ჩვენი მუშაობის პრინციპი შეცვალა და პირველი ქართული საფარი ვირტუალურ თავგადასავლად აქცია. გაეროს ინოვაციის დღის აღსანიშნავად, გამოგონებათა პირველი კონკურსი გამოვაცხადეთ და გამოგონებების შეგროვება ელექტრონულად დავიწყეთ.   

მთავარი შეკითხვა იყო, თუ როგორ მოგვეზიდა გამომგონებლები და შემოქმედებითად მოაზროვნე - ან, უფრო სწორად, იდეების პრაქტიკულად განმახორციელებელი ადამიანები კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. ისიც გასათვალისწინებელი იყო, რომ ხშირად, ასეთი ადამიანები საკუთარ თავს გამომგონებლებად არ თვლიან და ვერ ხვდებიან, რომ მათი მარტივი  და პრაქტიკული გადაწყვეტები ინოვაციური მიდგომის შედეგია. 

ადგილობრივ გამოგონებათა უმეტესობა ხშირად ყურადღების მიღმა რჩება (ამის კარგი მაგალითია ეს ფილმი). ამდენად, საჭირო იყო შემოქმედებითი საკომუნიკაციო კამპანიის ჩატარება, რომელიც საზოგადოების ფართო წრეებს მიწვდებოდა - მოქალაქეებს, მოყვარულ გამომგონებლებს,  თემის ორგანიზატორებსა და მცირე ბიზნესებს, ყველას, ვინც პანდემიის დროს წარმოქმნილი პრობლემების გადასაწყვეტად ინოვაციური გზები გამოძებნა.

ამის მისაღწევად, დავიმეგობრეთ შემოქმედებითი რეჟისორის პრიზის მფლობელი და “ჰოლი მოტორსის” თანადამფუძნებელი გიორგი ავალიანი. მუზეუმის დაარსების იდეა სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგია. 

ერთჯერადი კონკურსის ჩატარების ნაცვლად, ჩვენ წარმოვიდგინეთ მუდმივი ვირტუალური პლატფორმა, ქართული გამოგონებების მუზეუმი, რომელიც ადგილობრივი ინოვაციებისა და პრობლემის გადაჭრის კრეატული გზების მნიშვნელობას მუზეუმისეული დაფასებით აძლიერებს. 

აღნიშნული მუზეუმი ამჟამად ფეისბუკისა და ინსტაგრამის გვერდებზეა განთავსებული და 19 გამოგონებას მოიცავს, რომელიც  62 საკონკურსო განაცხადიდან შევარჩიეთ. შერჩეული იდეები გვთავაზობს უკვე გამოცდილ გადაწყვეტებს პანდემიით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად. მათ შორისაა, ვირუსისგან დამცავი აღჭურვილობა, ჰიგიენის დაცვის მარტივი საშუალებები, ინკლუზიური დისტანციური სწავლების პროტოკოლები, ცხოვრების ახალ ნორმას მორგებული სპორტი, თამაშები და ინკლუზიური სერვისები.

ვირტუალური თუ რეალური მუზეუმი, რომელია უკეთესი? 

2020 წლის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 60 პროცენტი ფეისბუკს იყენებს, ხოლო 8 პროცენტი - ინსტაგრამს. ამის გათვალისწინებით, მუზეუმის ვირტუალურ სივრცეში გადატანა უსაფრთხო არჩევანი იყო. თანაც, პანდემიით გამოწვეული სწრაფი ციფრული ტრანსფორმაციის დამსახურებით, ვირტუალური მუზეუმის იდეა უცნაურად სულაც აღარ გვეჩვენებოდა. მეტიც, მუზეუმის გვერდის შინაარსი თავდაპირველად მობილურის მომხმარებლებისთვის იყო შექმნილი, რომლებიც ჩვენი გვერდის ვიზიტორების უმრავლესობას შეადგენენ. კამპანიის ფარგლებში ნახევარ მილიონ ადამიანზე მეტს მივწვდით. 

პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, ღია სივრცეში (გაეროს სახლის ეზოში) მცირე მასშტაბის დაჯილდოების ცერემონიაც მოვაწყეთ.

კონკურსის მონაწილეებთან პირისპირ შეხვედრა და მუზეუმის ექსპონატების საკუთარი თვალით დანახვა ნამდვილი ბედნიერება იყო. გამოფენილი ფიზიკური, მუშა ობიექტების ნახვამ და ზოგი მათგანის მოსინჯვამაც კი ადგილობრივი გადაწყვეტების ძიების მთელი იდეა ხელშესახებ, მიწიერ რეალობად აქცია.

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

მუზეუმის მაღაზია

მაღაზიის გარეშე ეს რა მუზეუმი იქნებოდა? ჩვენი მუზეუმის მაღაზია კონკურსის საჭიროებებს მოვარგეთ. გამოფენის მსვლელობისას, კონკურსანტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაეყიდათ თავისი გამოგონებები და სერვისები, თუმცა, მთავარი “ვაჭრობა” მაინც პოტენციური დონორებისა და მხარდამჭერების მოსაზიდად მიმდინარეობს, რაშიც ლაბიც ჩართულია.  

შესაბამის პროექტებთან და ქსელებთან ინფორმაციის გაზიარების გზით, ლაბი აგრძელებს იდეების მხარდაჭერას, რათა ხელი შეუწყოს ადგილობრივ გამოგონებათა შემდგომ გათვალისწინებას განვითარების პროექტებში.  

წარმოდგენილი იდეებიდან, ყველაზე გამორჩეული წინადადებების შესარჩევად მოვიწვიეთ გამორჩეული ჟიური, რომელიც კერძო სექტორის, აკადემიური წრეების, გერმანიის საელჩოსა და UNDP-ის წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტდა.

ჟიურიმ  ორი გამარჯვებული გამოავლინა: დავით მიზანდარი და ანა ღვინიაშვილი. დავით მიზანდარმა უნიკალური რესპირატორი Miz-Mask გამოიგონა. ამ მრავალჯერად რესპირატორს აქვს ულტრაიისფერი ფილტრი და ის ნებისმიერი ვირუსისა და ბაქტერიისგან გვიცავს. ხოლო ანა ღვინიაშვილმა მეცნიერული მეთოდების გამოყენებით ცეკვის ინკლუზიური ონლაინ კლასის მოდელი შექმნა, რომელიც ეხმარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს პანდემიის დროს ფიზიკური აქტივობის შენარჩუნებაში. თითოეულმა გამარჯვებულებმა 10,000 ლარის ექვივალენტი მხარდაჭერა მიიღო, რომელიც მათი იდეების გაუმჯობესებასა და პრაქტიკულ დანერგვას მოხმარდება.

ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც მუზეუმმა გვასწავლა, ეროვნული თვითგამორკვევის აუცილებლობაა

საკომუნიკაციო კამპანიის ერთ-ერთი კომპონენტი ქუჩის გამოკითხვა იყო. ამ გზით გვინდოდა გაგვერკვია, რას მიიჩნევს საზოგადოება ყველაზე მნიშვნელოვან ქართულ გამოგონებად. 

თბილისში დასახელებულ ყველაზე მნიშვნელოვან ქართულ გამოგონებებს შორის ქართული სამზარეულო, ცეკვა და სიმღერა ჭარბობდა. ეს გასაკვირი არც იყო, თუმცა მაინც დასაფიქრებელია: რატომაა, რომ ქართველები თავიანთ თავს ხედავენ არა მეცნიერებად და ტექნოლოგიების ინოვატორებად, არამედ - გართობის სფეროს ვარსკვლავებად? ეს, შესაძლოა, ცუდი არც იყოს „ნიჭიერის“ ტიპის შოუებისა და „ტიკ-ტოკის“ პლატფორმის ინფლუენსერების ეპოქაში. თუმცა, ვფიქრობთ, რომ, ნაწილობრივ, ეს ჩვენი ქვეყნისთვის თავს მოხვეული კოლონიალური სტერეოტიპია, რომელიც ჯერ რუსეთის იმპერიის, ხოლო შემდეგ საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობას წარმოადგენს და რომლის თანახმადაც საქართველო საკურორტო, გასტრონომიული თავგადასავლებისა და გართობის ქვეყანაა.

ეს სტერეოტიპი უნდა დავამსხვრიოთ და ხელახლა აღმოვაჩინოთ ინოვაციისა და შემოქმედების უნარი სხვა სფეროებშიც, იქნება ეს მეცნიერება, ინჟინერია თუ მეწარმეობა. ამისათვის კი უნდა შევცვალოთ ამბები, რომელსაც ჩვენ, როგორც საზოგადოება, საკუთარ თავს ვუყვებით.

გამოგონებების მუზეუმს ყველა შესაძლებლობა აქვს, გახდეს ერთ-ერთი საკვანძო ნაბიჯი ამ ახალი ამბების ფორმირების გზაზე, რადგანაც, ამ სტატიის მიხედვით, “მუზეუმს შეუძლია დაგვეხმაროს, გავუმკლავდეთ პრობლემებსა და გავიზარდოთ როგორც ინდივიდები და როგორც კოლექტივი.”