ახალი შესაძლებლობები აჭარის ფერმერებს

10 დეკემბერი 2013

image აჭარის აგრისერვის ცენტრის ქობულეთის წარმომადგენლობა დახმარებას და კონსულტაციას გაუწევს რეგიონის ფერმერებს

თბილისი. 10 დეკემბერი 2013 – ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები გასულ კვირას ეწვივნენ ბათუმსა და ქობულეთს და გაეცნენ სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამის „ENPARD აჭარა“ მიმდინარებას.

6 დეკემბერს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა - ზაურ ფუტკარაძემ, ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომელმა - ხუან ეჩანოვემ, და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა - სოფო ქემხაძემ, გახსნეს აჭარის აგრისერვის ცენტრის ქობულეთის წარმომადგენლობა. ისინი შეხვდნენ ცენტრის თანამშრომელთა ჯგუფს, რომელთაც გაიარეს სასწავლო პროგრამა ფერმერთა საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურების საკითხებში. სტუმრებმა მიულოცეს 39 კურსდამთავრებულს სწავლის დასრულება და გადასცეს სერტიფიკატები.   

აჭარის აგრისერვის ცენტრი ხელს შეუწყობს მცირე ფერმერებს ისეთ საკითხებში, როგორიცაა მეცხოველეობა, მევენახეობა, სავეტერინარო მომსახურება, სურსათის გადამუშავება და შენახვა და სათბურების მოწყობა. ცენტრი ასევე განახორციელებს სადემონსტრაციო პროექტებს, რომელთა მეშვეობით სოფლის მეურნეობაში დაინერგება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და ახალი ტექნოლოგიები.

მომავალი წლიდან ამოქმედდება აგრისერვის ცენტრის წარმომადგენლობების ქსელი, რომელიც ფერმერთა მომსახურებას აჭარის ყველა კუთხეში გაავრცელებს.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა და ევროკავშირისა და გაეროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს სოფლის მეურნეობის ახალ პერსპექტივებზე, რომლებიც შეიქმნება ევროკავშირისა და საქართველოს დაახლოების შედეგად. მათ აღნიშნეს, რომ პროგრამა „ENPARD აჭარა“ ხელს უწყობს აჭარაში სოფლის მეურნეობის ეფექტურობის გაზრდას და მცირე ფერმერთა, როგორც სოფლის მეურნეობის მთავარი დასაყრდენის, გაძლიერებას.

ვიზიტის ფარგლებში, ზაურ ფუტკარაძემ მიიწვია სტუმრები აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში, რომელმაც ახლახან მიიღო საერთაშოროსო სერტიფიკატი ISO 17025. მინისტრმა ასევე დაათვალიერებინა სტუმრებს მანდარინის შენახვისა და დაფასოების საწარმო ქობულეთში - ასეთი სახის ყველაზე დიდი და კარგად აღჭურვილი საწარმო საქართველოში. სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა ხელს შეუწყობს აჭარის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხის გაზრდას და გაამარტივებს მის გატანას საერთაშორისო ბაზრებზე.

საკონტაქტო ინფორმაცია

თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში: +995 32 294 3763, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო: 599 196907 (მობილური), Sophie.Tchitchinadze@undp.org

პრეს სამსახური
სოფო ჭიჭინაძე პრეს სამსახურის ხელმძღვანელი
sophie.tchitchinadze@undp.org +995 32 2251126 ext.158