როგორ იცავს საქართველო ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს

20 სექტემბერი 2013

თბილისი. 20 სექტემბერი 2013 –არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს ანგარიში, რომელშიც შეფასებულია საქართველოს მიერ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის შესრულება.

ანგარიში მოიცავს ოთხ ძირითად სფეროს: დისკრიმინაცია; ფიზიკური ხელშეუხებლობის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებები; მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა; მედიის წარმომადგენელთა შევიწროვების შემთხვევები, შეკრებისა და თავისუფალი არჩევნების უფლებები.

ეს ალტერნატიული დოკუმენტი გაიგზავნება გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის109-ე სესიაზე, რომელიც გაიმართება ჟენევაში 2013 წლის 14 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე და რომლის მსვლელობაშიც შედგება მსჯელობა საქართველოს მიერ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის შესრულების თაობაზე.

სამოქალაქო სექტორის ანგარიში შეავსებს საქართველოს მთავრობის მიერ 2012 წლის ოქტომბერში გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში წარდგენილ ანგარიშს.

ალტერნატიული ანგარიში შეიმუშავა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამგაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის (OHCHR) და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით.

კოალიცია აერთიანებს წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ შორის,ეთნოსთაშორისი თანამშრომლობისა და კონსულტაციის ანალიტიკურ ცენტრსციხის საერთაშორისო რეფორმასსაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასსამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას და სხვებს. 

ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში, ინიტა პაულოვიჩა, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის (OHCHR) უფროსი მრჩეველი სამხრეთ კავკასიაში, ვლადიმირ შკოლნიკოვი, ეთნოსთაშორისი თანამშრომლობისა და კონსულტაციის ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენელი, აგიტ მირზოევი, ციხის საერთაშორისო რეფორმის წარმომადგენელი, ბექა ჯიქია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავჯდომარე კახა კოჟორიძე, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელი, ნინო ჯანაშია.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო: 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org

პრეს სამსახური
სოფო ჭიჭინაძე პრეს სამსახურის ხელმძღვანელი
sophie.tchitchinadze@undp.org +995 32 2251126 ext.158