სკოლების ეზოებში 300-ზე მეტი ხე გაიხარებს

23 აპრილი 2013

image ბავშვები რგავენ ვერცხლისფერ ნაძვებს სკოლის ეზოში. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

თბილისი. 23 აპრილი 2013 – დღეს ახალდაბის საჯარო სკოლის ეზოში ხეების დარგვა გაიმართა. ამით ახალგაზრდული ეკო კლუბის წევრებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა დედამიწის დღე აღნიშნეს და გარემოს დაცვისადმი თანადგომას გამოხატეს.

დღის განმავლობაში ბავშვებს შეუერთდნენ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები.

ახალდაბის სკოლის გამწვანებამ დაასრულა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კამპანია, რომელმაც ბორჯომის, ახალდაბის, წაღვერისა და ახალციხის სკოლების ასზე მეტი მოსწავლე გააერთიანა.

სკოლის ეზოებში ჩაყრილი ნეკერჩხლის, ცაცხვის და ვერცხლისფერი ნაძვის ნერგების მოვლაში ბავშვებს პროფესიონალი მეტყევე დაეხმარება. ხოლო ხეების მოვლას ეკო კლუბების მომავალი თაობები განაგრძობენ.

კამპანიის ორგანიზატორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო.

სკოლების გამწვანება იმ უფრო ფართო ინიციატივის ნაწილია, რომელიც გარემოსდაცვითი განათლების განვითარებას ემსახურება.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, sophie.tchitchinadze@undp.org 599 196907

ინგა ნიკაგოსიანი, გარემოს დაცვის სამინისტრო pr@moe.gov.ge 577 293979