ცოდნის ძირი

UNDP Georgia Pankisi
მუსა უსმანოვი ფეხსაცმლის სახელოსნოში: ფოტო: დარო სულაკაური/UNDP

იზოლდა ქიტესაშვილი წარმატებული ფერმერია. კოტეხში მისი ხეხილის ბაღის, ხილისა და კენკროვანების მოსავალის სანახავად ბევრი დადის და სოფლის მეურნეობის ახალ მეთოდებსაც ეცნობა.

ჯერ კიდევ ორი წლის წინ აქ ყველაფერი სხვაგვარად გამოიყურებოდა. ფერმერობას შემოსავალი არ ჰქონდა  და ოჯახი სიღატაკის ზღვარზე არსებობდა.

ფერმერთა ექსტენციის ცენტრი ქალბატონ იზოლდას ფერმერობის შესწავლაში დაეხმარა. ქალბატონმა იზოლდამ სანერგე გააშენა, რაც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ქიტესაშვილების მაყვალმა და ქლიავმა მთელს გურჯაანში გაითქვა სახელი.    

აქცენტები

  • იმ ფერმერების შემოსავალი, რომელნიც ექსტენციის ცენტრების მომსახურებით სარგებლობდნენ, საშუალოდ 55 პროცენტით გაიზარდა.
  • ექსტენციის ცენტრების მომსახურებით საართველოში 2 ათასამდე ფერმერი სარგებლობს.
  • სოფლის მეურნეობის განახლების გზა ახალი ტექნოლოგიების დანერგვაა, რაც ფერმერისაგან ცოდნას და განათლებას მოითხოვს.

"ოცდაათი წელი ექიმი ვიყავი. მე და ჩემმა მეუღლემ სამსახური 90-იანებში დავკარგეთ. გაჭირვებას არ შევეგუე და სოფლის მეურნეობას მივყავი ხელი, თუმცა წარმატების იმედი არ მქონდა. გაოცებული ვიყავი, როდესაც გვერდში ამ საქმის პროფესიონალები ამომიდგნენ", - ამბობს ქალბატონი იზოლდა.

ახალი ტიპის ექსტენციის ცენტრები საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით გაიხსნა. დღეს ამ მომსახურებით ორი ათასამდე ფერმერი სარგებლობს.

მებაღეობა და მევენახეობა, მექანიზაცია და ბიო მეურნეობა, ახალი კულტურები და ტექნოლოგიები; ამასთან ერთად ბიზნეს გეგმა, ხარჯთაღრიცხვა, იურიდიული და საბანკო საკითხები - მცირე ფერმერთა ინტერესები მეტად ფართოა.

ექსტენციის ცენტრები უშუალოდ პროფესიული კოლეჯების ბაზაზე არსებობს. ეს კონსულტაციის მაღალ ხარსიხსა და მრავალფეროვნებას უზრუნველყოფს.

"სოფლის მეურნეობას უდიდესი პერსპექტივა აქვს საქართველოში, შეუძლია ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა გახდეს. მაგრამ ამისთვის გარკვეული ხელშეწყობა სჭირდება. ფერმერთა განათლება და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ამ მხრივ უმნიშვნელოვანესი საკითხია", - ამბობს  ჯეიმი მაკგოლდრიკი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში.

საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფელში ცხოვრობს. მაგრამ ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილი 10 პროცენტს არ აღემატება. სექტორი კვლავაც დანაწევრებული და სუსტია. ბევრი ფერმერი მომავალს უიმედოდ უყურებს და სოფლიდან ქალაქს მიდის.

მუსა უსმანოვი ჩეჩნეთიდან ლტოლვოლია. მეუღლესა და სამ შვილთან ერთად  თითქმის ოცი წელია საქართველოში, პანკისის ხეობაში ცხოვრობს და თავს ფეხსაცმლის შეკეთებით ირჩენს.

მუსას ფერმის  გახსნა აქვს გადაწყვეტილი და ექსტენციის ცენტრის იმედი აქვს.

"ცხოველები მიყვარს. მათ შენი კარგად ესმით. ფერმის მოწყობა მინდა, მაგრამ საკმარისი გამოცდილება არ მაქვს. ექსტენციის ცენტრში კონსულტაციებს ვესწრები. მჯერა, რაც ჩაფიქრებული მაქვს, გავაკეთებ", - ამბობს  მუსა.

სოფლის მეურნეობის განახლების გზა ახალი ტექნოლოგიების დანერგვაა, რაც  ფერმერისაგან ცოდნას და განათლებას მოითხოვს. მცირე ფერმერთა უმეტესობას ამაზე ხელი არ მიუწვდება.

ექსტენციის ცენტრების მთელს საქართველოში დანერგვამ შეიძლება სოფლის მეურნეობის რეფორმასაც შეუწყოს ხელი.

თანამედროვე ცოდნა და ინფორმაცია სწორედ ის გზაა, რომელიც ქართველ ფერმერებს წარმატებას მოუტანს  და სოფლებს სიცოცხლესა და დოვლათს დაუბრუნებს. მუსა უსმანოვმა და იზოლდა ქიტესაშვილმა ამ გზაზე პირველი ნაბიჯები უკვე გადადგეს.

ნოემბერი 2011