გზა წარმატებისკენ

გადაღებულია გაეროს განვითარების პროგრამის მიერ. 2009

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ყველა შესაძლებლობა გააჩნია, რომ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ რეგიონად იქცეს. მაგრამ ამ ეკონომიკური პოტენციალის სრული გამოყენებისათვის ჯერაც ბევრია გასაკეთებელი. უკანასკნელ წლებში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების მიუხედავად, სიღარიბის მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია, უმუშევრობის დონე 25 პროცენტს აღწევს, რაც დაახლოებით 8 პროცენტით მეტია, ვიდრე საქართველოს სხვა რეგიონებში.

 

გაეროს განვითარების პროგრამის დახმარება აჭარაში ბიზნესის განვითარებას ისახავს მიზნად. ბათუმის ბიზნეს ინკუბატორი სრულიად ახალი ინიციატივაა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს დამწყებ კომპანიებს და დააჩქაროს მათი ფეხზე დადგომა. ბიზნეს ინკუბატორი 2009 წელს დაარსდა და რუმინეთის, ფინეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების დაფინანსებით არსებობს.

 

„მცირე ბიზნესებს ვეხმარებით, რომ გაიზარდონ, ისწავლონ და ფეხზე დადგნენ. ვასწავლით ფინანსებს, ბიზნესის წარმოებას, განვითარებას. ინკუბატორის შემდეგ, კომპანიები საქმიანობას უკვე დამოუკიდებლად განაგრძობენ,“ ამბობს გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე, ინიტა პაულოვიჩა.

 

ბათუმის ბიზნეს ინკუბატორი ამჟამად 6 ახალგაზრდა კომპანიას მასპინძლობს. ვაჭრობა, ტურიზმი, მომსახურება და საინფორმაციო ტექნოლოგიები - აჭარისათვის ეს სფეროები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თითოეულმა კომპანიამ შერჩევის სერიოზული პროცესი გაიარა და მზად არიან, მკაცრ მოთხოვნებს დაემორჩილოს. სანაცვლოდ, ბიზნეს ინკუბატორი კომპანიებს სთავაზობს კეთილმოწყობილ საოფისე ფართსა და საკონსულტაციო ხელშეწყობას. საინკუბაციო კომპანიები იღებენ დახმარებას ისეთ საკითხებში, როგორიცაა ბიზნეს გეგმის შედგენა, ბუღალტერია, ფინანსური ანალიზი და სხვა ბიზნესებთან და საფინანსო ორგანიზაციებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება.

 

„როდესაც ინკუბატორის შესახებ პირველად შევიტყვე, ვერ დავიჯერე, რომ ეს მართალი იყო. შემდეგ გადავამოწმე და მივხდი, რომ ძალიან მინდოდა აქ მოვხვედრილიყავი. ინკუბატორში მირჩევენ, თუ როგორ გავუძღვე ჩემს ბიზნესს,’’ ამბობს ჯონი საბაშვილი, ტურისტული სააგენტოს ხელმძღვანელი და ინკუბატორის სტუდენტი.

 

პლატონ ჯორბენაძის ვებ დიზაინის სააგენტოც ბათუმის ბიზნეს ინკუბატორის წევრია. აჭარის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტექსტილის ფაბრიკა უკვე მისი კლიენტია, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია:

 

„მცირე ბიზნესის განვითარება ბევრი ახალი კომპანიის გაჩენას გულისხმობს. ყველა მათგანს სჭირდება ვებ-გვერდი და ამისთვის ისინი ჩვენთან მოვლენ,“ ამბობს პლატონი.

 

ბიზნეს ინკუბატორის მეშვეობით პლატონის კომპანია ძლიერ და მომგებიან ბიზნესად ჩამოყალიბდება. მაგრამ ინკუბატორის დახმარება მუდმივად ვერ გაგრძელდება. მოვა დრო, როდესაც პლატონის ბიზნესი დამოუკიდებელ არსებობას შეძლებს და საქართველოს ახალი ეკონომიკის კონკურენტუნარიანი წარმომადგენელი გახდება.