ბიზნესი ადამიანებისთვის


მცირე ბიზნესი ქმნის სამუშაო ადგილებს და ახალ შესაძლებლობებს აჭარაში. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/ UNDP

პირველი ნაბიჯები

ზაფხულობით აჭარაში დამსვენებელებისა და ტურისტების მოზღვავებაა. თუმცა, ბათუმის მაცხოვრებლებისთვის ზაფხული წლის ყველაზე დატვირთული დროა.

აქცენტები

  • 2009 წლიდან ინკუბაციის კურსი 30-მდე ადგილობრივმა კომპანიამ გაიარა. კომპანიების 80 პროცენტმა დაიმკვიდრა ადგილი ბიზნეს სამყაროში.
  • ბოლო 15 თვის განმავლობაში, 1500-ზე მეტმა მეწარმემ და 70-ზე მეტმა ინკუბატორის არაწევრმა კომპანიამ გაიარა ტრენინგი და მიიღო საკონსულტაციო მომსახურება.
  • ინკუბატორის კურსდამთავრებულმა კომპანიებმა შექმნეს 600 მოკლე და გრძელვადიანი სამუშაო ადგილი.

უკვე ოთხი წელია, რაც თიკა ვეტრიაკოვა ხელმძღვანელობს დასუფთავების სამსახურს “სუფთა სამყარო აჭარა“. ბათუმში „სუფთა სამყაროს“ დამლაგებლების ცისფერ უნიფორმებს ყველგან მოჰკრავთ თვალს. წელს, თიკას ერთ-ერთი ძირითადი დამკვეთი იყო 3-დღიანი ელექტორნული მუსიკის ფესტივალი „ბათუმი სეთი“.

„თავიდან ძალიან გამიჭირდა. ბევრს აეჭვებდა ჩემი წამოწყების წარმატება. სათითაოდ ჩამოვუარე ყველა სასტუმროს, რათა ჩვენი მომსახურება  შემეთავაზებინა. თვითონაც მიწევდა უნიფორმის გადაცმა და დასუფთავების პროცესში ჩართვა’’, - იხსენებს თიკა.

„სუფთა სამყარო“ ერთ-ერთი პირველია იმ კომპანიებიდან, რომელმაც დახმარებისთვის ბათუმის ბიზნეს ინკუბატორს მიმართა. ინკუბატორმა განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობები შესთავაზა დამწყებ ბიზნესს  და დაეხმარა საქმიანობის ეფექტურად წარმართვაში.

„ინკუბატორში ბიზნეს საქმიანობა უფრო ადვილია. საწევრო გადასახადი მინიმალურია, იმ თანხის 25 პროცენტია, რაც რეალურად უნდა გადაიხადო. დაზოგილი ფული უკან ბიზნესში დავაბრუნე. სასწავლო კურსების მეშვეობით კი საფუძვლიანად შევისწავლე ფინანსური ანალიზი, ადამიანური რესურსების მართვა და მარკეტინგი“, - ამბობს ვეტრიაკოვა.

2010 წელს თიკას კომპანიაში დასაქმებული იყო 5 ადამიანი, ხოლო 2013 წელს უკვე 190. სწრაფი განვითარებისა და კომერციული წარმატების წყალობით, „სუფთა სამყარომ“ დროზე ადრე დაასრულა ინკუბაციის პერიოდი და დღეისთვის ყველაზე წარმატებული დასუფთავების სამსახურია აჭარაში.

როგორ გადარჩე ბიზნეს სამყაროში

ბიზნესი ბათუმში სწრადი ტემპით ვითარდება. თუმცა მცირე ადგილობრივი კომპანიები კვლავ არახელსაყრელ მდგობარეობაში არიან. აჭარის ბაზარზე რამდენიმე ცნობილი ბრენდის შემოსვლამ ფასების საგრძნობი ზრდა გამოიწვია, რაც ადგილობრივი ბიზნესისთვის პრობლემურია. ხშირ შემთხვევაში, მცირე ბიზნესი კომერციული ფართის ხარჯებსაც კი ვერ სწვდება.

შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, უმუშევრობის მაჩვენებელი აჭარაში საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით მაღალია - 16.5 პროცენტი აჭარაში, 15 პროცენტი მთლიანად საქართველოში.

მცირე და საშუალო ბიზნესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამუშაო ადგილების შექმნასა და სიღარიბის შემცირების საქმეში. თუმცა, დამატებითი ხელშეწყობის გარეშე, მცირე ადგილობრივი ბიზნესი ვერ ახერხებს დაძაბულ კონკურენტულ გარემოში გადარჩენას.

გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ბათუმში მცირე ბიზნეს-კომპანიების 90 პროცენტი ოფიციალური რეგისტრაციის შემდეგ მალევე იხურება ან წყვეტს კომერციულ საქმიანობას ერთადერთი ბიზნეს ოპერაციის შემდეგ.

ახალბედა კომპანიები ხშირად ვერ ახერხებენ აუნაზღაურებელი ხარჯების (იჯარა, საოფისე ფართის მოწყობა, გადასახადები) დაფარვას. ამას ემატება გამოუცდელობა ბიზნეს სფეროში და აუცილებელი ცოდნისა და უნარების ნაკლებობა.

„ხარჯების დაფარვა ძალიან გვიჭირდა. გამოცდილებაც არ გვყოფნიდა და ბაზრის მოთხოვნებს ვერ ვუმკლავდებოდით“, - ამბობს ჯონი საბაშვილი, ტურისტული კომპანია „ფრეშ-ტურის“ დირექტორი და ბათუმის ბიზნეს ინკუბატორის ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებული, “გამიმართლა, ინკუბატორში რომ აღმოვჩნდი. ახლა ჩვენი კომპანია სანდო ტურისტული სააგენტოა, ბათუმის სტუმრების უმრავლესობა ჩვენი მომსახურებით სარგებლობს.“

ბიზნეს ინკუბატორის მიზანია, დახმარება გაუწიოს მცირე და საშუალო კომპანიებს ბიზნესის განვითარების ადრეულ ეტაპზე.

ინკუბატორი დაარსდა 2009 წელს გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით და რუმინეთის, ფინეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების ფინანსური მხარდაჭერით.

ხუთი წლის განმავლობაში, ინკუბაციის კურსი 30-მდე ადგილობრივმა კომპანიამ გაიარა. კომპანიების 80 პროცენტმა დაიმკვიდრა ადგილი ბიზნეს სამყაროში, რაც, აშშ- ს ბიზნეს ინკუბატორების ნაციონალური ასოციაციის მონაცემებით, მაღალი მაჩვენებელია.

„ინკუბატორი გაძლევს საშუალებას, მეტი ყურადღება დაუთმო ბიზნესს, ნაკლებად იდარდო ხარჯებზე, გაზარდო კომპანიის სანდოობა, დაამყარო საქმიანი კავშირები და შეიძინო ცოდნა. ეს ბიზნეს განათლების ცენტრია“, - ამბობს დავით კალანდაძე, სამშენებლო კომპანიის „სან გრუპი“ დირექტორი და ინკუბატორის ამჟამინდელი ბინადარი.

ცოდნა და საქმე

„ინფორმაცია  ხშირად უფრო მნიშვნელოვანია დამწყები ბიზნესისთვის, ვიდრე  იაფი საოფისე ფართი. ჩვენი სასწავლო კურსები მორგებულია ახალბედა  ბიზნესმენების მოთხოვნილებებზე: აუდიტი, ბუღალტერია, მარკეტინგი და საერთაშორისო ვაჭრობა,“ - ამბობს კახა შავაძე, ინკუბატორის დირექტორი.

ბოლო 15 თვის განმავლობაში, 1500-ზე მეტმა მეწარმემ და 70-ზე მეტმა ინკუბატორის არაწევრმა კომპანიამ  გაიარა ტრენინგი და მიიღო საკონსულტაციო მომსახურება.

გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ინკუბატორმა შემოიღო მომხმარებელთა ინტერნეტ მომსახურება. განახლებულ ვებ გვერდზე განთავსებულია ონლაინ სასწავლო კურსები და ასევე შესაძლებელია ონლაინ კონსულტაციის მიღება. გარდა ამისა, ინკუბატორის ვებ გვერდი აქვეყნებს განცხადებებს ვაკანსიების შესახებ, ხოლო პოტენციურ დამსაქმებლებს სთავაზობს მონაცემთა ბაზას, რომელიც შეიცავს ბიზნეს განათლების მქონე კანდიდატების მონაცემებს.

„ინკუბატორი ჩამოყალიბდა ბიზნესის მომსახურების ცენტრად, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი აჭარაში ბიზნესის განვითარებას. დამწყები კომპანიების ხელშეწყობის გარდა, აქ თავმოყრილია ინფორმაცია და ცოდნა. ეს არის ინოვაციებისა და გამოცდილების გაზიარების ადგილი“,- ამბობს ლაშა კომახიძე, გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის მენეჯერი.

ამჟამად, ბიზნეს ინკუბატორს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აფინანსებს, ხოლო გაეროს განვითარების პროგრამა მის ინოვაციურ მხარეს უზრუნველყოფს. მთავრობის მიერ გაწეული ხარჯები ხუთმაგად უბრუნდება სახელმწიფოს წარმატებული ბიზნესის გადასახადების სახით. გარდა ამისა, ხუთი წლის მანძილზე, ინკუბატორის კურსდამთავრებულმა კომპანიებმა შექმნეს 600 მოკლე და გრძელვადიანი სამუშაო ადგილი, რაც აჭარის სამუშაო ბაზრის სტანდარტებით საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

„ჩვენი საქმიანობის მიღმა რეალური ბიზნესია, რომელიც რეალურ დასაქმებას ქმნის“, -ამბობს კახა შავაძე.

ბიზნესის წინსვლა და საკუთარი თავის რწმენა „სუფთა სამყაროს“, „ფრეშტურის“ და „სან გრუპის“ წარმატების საზომია. ინკუბატორი ეხმარება დამწყებ ბიზნესმენებს ახალი შესაძლებლობები დაინახონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ მათი ქვეყნის განვითარებაში.

აგვისტო 2013

პრეს სამსახური

სოფო ჭიჭინაძე

პრეს სამსახურის ხელმძღვანელი

sophie.tchitchinadze@undp.org

+995 32 2251126 ext.158