სასტუმრო ცის კიდეზე

UNDP Georgia Tusheti environment
გაგოიძეების ოჯახი - ირაკლი, ელენე და მათი უმცროსი ვაჟი შენაქოში, საკუთარი სახლის ეზოში. ფოტო: გიორგი ჩხეიძე/UNDP

ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი რეგიონი თუშეთი ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი და მდიდარი დაცული ტერიტორიაა კავკასიაში. მისი უნიკალური ეკოსისტემა მოიცავს ენდემური მცენარეების 230 სახეობას, ფრინველთა 120 და ქვეწარმავალთა 11 ჯიშს, იშვიათ ამფიბიებსა და თევზებს. თუშეთის ყოველი სოფელი ისტორიული ძეგლია, ხოლო ციხესიმაგრეები და კოშკები საუკუნეებს ითვლის. თვითმყოფადი კულტურა, ტრადიციები და ხელოვნება დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს ტურისტებზე.

აქცენტები

  • თუშეთი პირველი დაცული ტერიტორიაა საქართველოში, რომლისთვისაც შემუშავდა ხუთწლიანი ბიზნეს გეგმა
  • ათწლიანი საინვესტიციო გეგმა ითვალისწინებს $46.4 მილიონით დაფინანსებას ბიუჯეტიდან და დონორების ფონდებიდან
  • 25 კარგად მომზადებული რეინჯერი უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნების ეფექტურ მონიტორინგსა და პატრულირებას
  • 2012 წელს თუშეთს ეწვია 70 ათასი ეკოტურისტი. ხუთი წლის მანძილზე ტურისტების რიცხვი 500 პროცენტით გაიზარდა

მიუხედავად კულტურული და ეკოლოგიური მნიშვნელობისა, ეკონომიკური სიდუხჭირე თუშეთსაც შეეხო.  ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა 1980-იან წლებში  და დღემდე არ აღდგენილა. გზები დაზიანებულია, წელიწადის უმეტეს დროს გადაადგილება შეუძლებელია. სოფლის მოსახლეობამ საკუთარი სახლები მიატოვა და სამსახურის შოვნის იმედით ქალაქებს მიაშურა.

სოფელ შენაქოში შვიდი მაცხოვრებელია, მაგრამ მთელი წლის მანძილზე აქ მხოლოდ ელენე გაგოიძე და მისი მეუღლე ირაკლი რჩებიან. ოქტომბერში, სანამ გზას თოვლი და მეწყერი ჩაკეტავს, მათი თანასოფლელები გამოსაზამთრებლად მაღალი მთიდან ვაკეში ჩადიან.

ზაფხულობით ელენე პატარა საოჯახო სასტუმროს უძღვება. სტუმრებისთვის განკუთვნილი ოთახები  ხელნაკეთი ავეჯითაა გაწყობილი, ხოლო დიასახლისი მათ ტრადიციული თუშური კერძებით - ცხვრის ყველითა და ხინკლით უმასპინძლდება. ეს მცირე საოჯახო ბიზნესი საკმაოდ წარმატებულია, რაც თუშეთის ეროვნული პარკის გაძლიერებას უკავშირდება.

„ზამთარშიც აქ ვრჩებით, სოფელი რომ არ დაიცალოს. ადრე საკმაოდ გვიჭირდა, მაგრამ ახლა მეტი ტურისტი ჩამოდის. იმედი გვაქვს, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება და თუშეთიც გამოცოცხლდება“, - ამბობს ელენე.

საქართველოს დაცული ტერიტორიები წლების მანძილზე აწყდებოდა არასაკმარისი დაფინანსებისა და არასათანადო მართვის პრობლემებს. ბუნებრივი რესურსების გადაჭარბებული ექსპლუატაცია, დაზიანებული ინფრასტრუქტურა და ადამიანთა მიგრაცია ის ძირითადი საფრთხეებია, რაც თუშეთს და საქართველოს სხვა ეროვნულ პარკებსა და ნაკრძალებს ემუქრება. ბოლო ოთხი წლის მანძილზე სახელმწიფო დაფინანსება საგრძნობლად გაიზარდა, მაგრამ ამის მიუხედავად ხარჯების მხოლოდ 30 პროცენტს ფარავს.

2007 წელს, საქართველოს მთავრობამ წამოიწყო რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავდა დაცული ტერიტორიების მდგრადი განვითარების უზრუნველყოფას.

გაეროს განვითარების პროგრამამ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და მსოფლიო გარემოსდაცვით ფონდთან ერთად მხარი დაუჭირა ამ პროცესს.  მთავარ მიზანს წარმოადგენდა ბიომრავალფეროვნების დაცვა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის სოციალური და ეკონომიკური პირობების შექმნა. თუშეთი შეირჩა როგორც საპილოტო პროექტი მართვისა და ფინანსირების ახალი სისტემის გამოსაცდელად. 

2011 წლისათვის თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე დასრულდა რეინჯერების სისტემის რეფორმირება. გაუმჯობესდა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი და პატრულირება. 25 რეინჯერი გაიწვრთნა და აღიჭურვა სპეციალური კამერებითა და ინვენტარით. ამან შესაძლებელი გახადა ბიომრავალფეროვნებაზე დაკვირვება და ინფორმაციის შეგროვება, რაც ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და დაცვის წინაპირობას წარმოადგენს. 

დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციულმა პერსონალმა გაიარა ტრეინინგი მართვასა და ფინანსურ დაგეგმვაში. ჩატარდა საინფორმაციო კამპანიები  საზოგადოების ინფორმირებისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით.

თუშეთი საქართველოს პირველი დაცული ტერიტორიაა, სადაც შეფასდა საჭიროებები, რისკები და სამომავლო პერსპექტივები.  შემუშავდა ხუთწლიანი ბიზნეს გეგმა, რომელიც ეკოსისტემის დაცვასთან ერთად ითვალისწინებს ინფრასტრუქტურის აღდგენასაც - გზების შეკეთებას, ელექტრო ენერგიის მიწოდებას, ჩამდინარე წყლების სისტემის გამართვას და დასაქმების წახალისებას.

2010 წლიდან ტურისტების რიცხვმა თუშეთში ხუთჯერ იმატა და 2012 წელს 70 ათასი შეადგინა.

გაიხსნა ტურისტული ცენტრი ომალოში და 38 საოჯახო სასტუმრო  სოფლებში. ტურისტული ცენტრი ხელს უწყობს ეკოტურიზმის განვითარებას და ემსახურება სასტუმროების მფლობელებს და გიდებს. გაეროს განვითარების პროგრამის მეშვეობით ცენტრის თანამშრომლებმა და ადგილობრივმა ასოციაციებმა გაიარეს პროფესიული ტრენინგი მომსახურების გაუმჯობესების საკითხებში.

„ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ბიომრავალფეროვნების დაცვა მომგებიანია. ეკოტურიზმი ზრდის შემოსავლებს და ქმნის სამუშაო ადგილებს. თუმცა ის მასობრივ ტურიზმად არ უნდა იქცეს, რადგან ამ შემთხვევაში თუშეთი დაკარგავს მიმზიდველობას“, - ამბობს ანზორ გოგოტიძე, თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის უფროსი.

გაეროს განვითარების პროგრამის დახმარება ასევე ითვალისწინებს საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებას, რაც შემოსავლების გაზრდის საშუალებას მისცემს საქართველოს დაცულ ტერიტორიებს. 2012 წელს დაცული ტერიტორიების სააგენტომ წარმოადგინა საინვესტიციო გეგმა, რომლის მიხედვით წლიური ხარჯების სრული დაფარვა შესაძლებელია საბიუჯეტო ($4.6 მილიონი)  და დონორებისგან მიღებული ($2.3 მილიონი) თანხების მეშვეობით.

სოფელ შენაქოში ელენე გაგოიძე სტუმრების მისაღებად ემზადება. მას სჯერა, რომ ეროვნული პარკის განვითარება მიტოვებულ სოფლებს ააღორძინებს და თუშებს საკუთარ სახლებში დააბრუნებს. ელენესთვის, ისევე როგორც თუშეთის ბევრი სხვა მკვიდრისთვის, დაცული ტერიტორიების ეფექტური მართვა საკუთარი კერისა და კულტურის დაცვის საწინდარია.

ოქტომბერი 2012