სამართალი ყველასთვის

UNDP Georgia
კახა ქისიშვილი თავის სოფელში. ფოტო: დარო სულაკაური/UNDP

მართლმსაჯულების რეფორმა კვლავაც მწვავე საკითხია საქართველოში. ხალხის ნდობის დასამკვიდრებლად ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. იურიდიული დახმარების სამსახური ამ გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯია.

აქცენტები

  • იურიდიული დახმარების სამსახური სოციალურად დაუცველ პირებს ეხმარება - მათ, ვისაც ადვოკატის ან იურისტის მომსახურება სჭირდება, მაგრამ ამის საშუალება არა აქვს.
  • დღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იურიდიული დახმარების 11 ბიურო და 3 საკონსულტაციო ცენტრი მოქმედებს.
  • 2010 წელს, იურიდიული დახმარების სამსახურს 20 ათასმა ადამიანმა მიმართა.

იურიდიული დახმარების სამსახური საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთან არსებობს და სოციალურად დაუცველ პირებს ეხმარება - მათ, ვისაც ადვოკატის ან იურისტის მომსახურება სჭირდება, მაგრამ ამის საშუალება არა აქვს.  

კახა ქისიშვილი გორის მახლობლად პატარა სოფელში ცხოვრობს. დღეს ის თავისუფალი ადამიანია, მაგრამ ერთი წლის წინ რამდენიმე თვე ქურდობის ბრალდებით ციხეში გაატარა. კახას ხუთი წლით პატიმრობა ემუქრებოდა, რომ არა საზოგადოებრივი ადვოკატი, რომელმაც მისი უდანაშაულობა სასამართლოს წინაშე დაასაბუთა. 

საზოგადოებრივმა ადვოკატმა ქეთევან გაგოევამ კახას ინტერესები სასამართლოში დაიცვა. მან გამოძიების დროს დაშვებული დარღვევები აღმოაჩინა და კახას გამამართლებელ მტკიცებულებებსაც მიაგნო.

სასამართლომ კახა უდანაშაულოდ ცნო და სასამართლოს დარბაზიდანვე გაათავისუფლა. 

"ერთი წელი ციხეში უდანაშაულოდ გავატარე, იმიტომ რომ ადვოკატი არ მყავდა.  იურიდიული დახმარების სამსახური რომ არა, ახლაც იქ ვიქნებოდი”, - ამბობს კახა.

ისეთი ადამიანებისთვის, როგორიც კახაა, საზოგადოებრივი ადვოკატი ერთადერთი იმედია იურიდიული პრობლემების მოსაგვარებლად.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ეხმარება იურიდიული დახმარების სამსახურს გახდეს ძლიერი და ეფექტური, ხელს უწყობს საზოგადოებრივი ადვოკატების პროფესიონალიზმის ამაღლებას და სამსახურის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.

"ჩვენი მიზანია, რომ მომავალში იურიდიული დახმარების სამსახურმა უზრუნველყოს სრული წარმომადგენლობა სასამართლოში როგორც სისხლის სამართლის, ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების განხილვისას”, ამბობს ინიტა პაულოვიჩა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე.

დღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იურიდიული დახმარების  11 ბიურო და 3 საკონსულტაციო ცენტრი მოქმედებს. დევნილთა მომსახურებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. 2008 წლის ომის შემდეგ იურიდიული კონსულტაცია, წარმომადგენლობა და  დოკუმენტების შედგენაში ხელშეწყობა ბევრ გადაადგილებულ პირს დასჭირდა.

”ხალხს გაჭირვებაში ვეხმარებით. იმაზეც ვზრუნავთ, რომ საზოგადოება უფრო განათლებული იყოს იურიდიულ საკითხებში. მრავალი წლის მანძილზე საზოგადოება არ ენდობოდა მართლმსაჯულების სისტემას. ჩვენ ამის შეცვლას ვაპირებთ”, - ამბობს ირაკლი კობიძე, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი. 

წელს იურიდიული დახმარების სამსახურს 20 ათასმა ადამიანმა მიმართა. ბევრისთვის ეს  სამართლებრივი დაცვისა და მართლმსაჯულების ერთადერთი იმედი იყო.

დეკემბერი 2010