მედია და არჩევნები

ფაქტები თუ ვარაუდები?


ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით, მედია მონიტორები აფასებენ ქართული მედიის პროფესიონალიზმსა და ობიექტურობას. ფოტო: მარიამ ჯანაშია/UNDP

„მედია მონიტორინგი მეხმარება უკეთ გავიგო ჟურნალისტიკის პრინციპები, დავინახო ის გამოწვევები, რაც ამ საქმიანობას თან ახლავს,“ ამბობს მარიამ ოზაშვილი, CRRC -საქართველოს მედია მონიტორი. მარიამი ეუფლება ჟურნალისტიკას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამავდროულად, თვალს ადევნებს ქართული მედიის საქმიანობას. მისი ამოცანაა, ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით შეაფასოს საარჩევნო პერიოდში ქართული მედიის ობიექტურობა და პროფესიონალიზმი.  

აქცენტები

  • ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდებოდა 40-მდე ტელე, რადიო, ბეჭდური და ინტერნეტ მედია საშუალებას 2012 საპარლამენტო და 2013 საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში.
  • მედია მონიტორინგი ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.
  • მეთოდოლოგია აერთიანებს რაოდენობრივ და თვისებრივ მონაცემებს.
  • 2008 და 2009 წლების დაღმასვლის შემდეგ, ქართულ მედიაში შეიმჩნევა გაუმჯობესება.

„ყველას მედია მონიტორის სინდრომი გაგვიჩნდა,“ - ამბობს მარიამი. „მუდმივად ვცდილობთ ჟურნალისტური სტანდარტებით შევაფასოთ ახალი ამბები, დავთვალოთ და გავაანალიზოთ ინფორმაცია, რომელსაც ვკითხულობთ და ვუყურებთ“.

მედია მონიტორთა ჯგუფი 2010 წლიდან მუშაობს და ქართული მედია საშუალებების საქმიანობას აკვირდება. მედია მონიტორინგი ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით.

„2010 წელს აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობდა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც კვალიფიციური მედია მონიტორინგის ჩატარება შეეძლო. CRRC - საქართველო პირველი ორგანიზაცია იყო, რომელმაც ჩვენი დაკვეთით ჩაატარა მედია მონიტორინგი 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში“,- ამბობს ჰელგა პენდერი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომელი.


მედია მონიტორინგის პროცესი CRRC საქართველოში. ფოტო: მარიამ ჯანაშია/UNDP

2011 წელს მედია მონიტორთა ჯგუფმა შეისწავლა სოციალური და ეკონომიკური საკითხების გაშუქება ქართულ ელექტრონულ და ბეჭდურ მედიაში. ამ დროისთვის მედია მონიტორინგში უკვე შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია ჩაერთო. 

მონიტორინგი გაგრძელდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდშიც: 40-მდე ტელე, რადიო, ბეჭდური და ინტერნეტ მედია საშუალების კვლევა განახორციელა ოთხმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - CRRC საქართველომ, ინტერნიუს საქართველომ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა (CDI). ამავე ორგანიზაციებმა შეასრულეს მონიტორინგი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში.

„გასული წლების გამოცდილებამ ნათლად გვაჩვენა, რომ მონიტორინგი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მედიის პროფესიონალიზმის გაზრდისათვის. ამის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, რომ მედიის კვლევა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდშიც გაგრძელებულიყო“, - ამბობს ჰელგა პენდერი.


ჯგუფის ხელმძღვანელი ქეთი ჩუბინიშვილი მონიტორებთან ერთად აკვირდება მედიას. ფოტო: მარიამ ჯანაშია/UNDP

მონიტორინგის მეთოდოლოგია შეიმუშავა სლოვაკურმა მედია მონიტორინგის ორგანიზაციამ„მემო 98“, რომელიც კონსულტირება გაუწია ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

„რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების ერთობლიობით სრულად ასახავს ქართული მედიის საქმიანობას. რაოდენობრივი მონაცემებით იზომება ამათუიმ პოლიტიკური სუბიექტისთვის დათმობილი დრო, გამოყენებული ტონი. ხოლო თვისებრივ მონაცემებზე დაყრდნობით შესაძლებელია მსჯელობა იმაზე, თუ რამდენად ხარისხიანად ასახავს მედია მიმდინარე მოვლენებს, რამდენად იცავს ჟურნალისტურ სტანდარტებს, რამდენად დაბალანსებულია გაშუქება, გამოიყენება თუ არა ვიდეო რიგით, მუსიკით და სხვა  საშუალებებით მანიპულირება“,- ამბობს CRRC - საქართველოს  მედია მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი, ქეთი ჩუბინიშვილი.  

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშები განთავსებულია  ვებ გვერდზე: www.mediamonitor.ge და სოციალურ ქსელში: www.facebook.com/Mediamonitor.ge.

შედეგები და პერსპექტივები


"საკანონმდებლო ბაზა უკიდურესად მნიშვნელოვანია მედიის განვითარებისთვის,"- ჰელგა პენდერი, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში. ფოტო: მარიამ ჯანაშია/UNDP

„მედია მონიტორინგი საშუალებას აძლევს ჟურნალისტს შეაფასოს საკუთარი მოღვაწეობა, დაინახოს გაშუქებისას დაშვებული შეცდომები და ასევე, ძლიერი მხარეები“, - ამბობს მედიის ანალიტიკოსი, ზვიად ქორიძე.

მისი აზრით, მონიტორინგი ხელს უწყობს მოვლენების ხარისხიან გაშუქებას და აძლიერებს ურთიერთკავშირს მედიასა და საზოგადოებას შორის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებში, სადაც მედია აღიქმება როგორც პოლარიზებული და პოლიტიკურად მიკერძოებული.

როგორც საერთაშორისოდ აღიარებული მედია ორგანიზაციები აღნიშნავენ, 2008(9) წლის დაღმასვლის შემდეგ, ქართულ მედიაში შეიმჩნევა გაუმჯობესება. (წყარო: Freedom House). ეს, ძირითადად, განპირობებულია საქართველოს კანონში „მაუწყებლობის შესახებ“ შეტანილი ცვლილებებით, რომლებიც ხელს უწყობს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და მაუწყებლების ფინანსურ გამჭვირვალეობას. (წყარო: საქართველოს პარლამენტი, ეუთო მედია თავისუფლება)

კანონში შეტანილი ცვლილებების ინიციატორი ადგილობრივი მედია ექსპერტების ჯგუფია, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით შეიქმნა.

საინციატივო ჯგუფი განსაკუთრებით აქტიური იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, როდესაც პოლიტიკურმა დაპირისპირებამ ქართული მედიის უკიდურესი პოლარიზება გამოიწვია. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სამოქალაქო საზოგადოებამ მაშინ აქტიურად დაუჭირა მხარი „Must-Carry/Must-Offer“ წესის შემოღებას, რომელიცავალდებულებს საკაბელო კომპანიებს, სამაუწყებლო ბადეში ჩასვან ის ტელეარხები, რომლებსაც აქვთ საინფორმაციო გამოშვებები;ხოლო მაუწყებლებს ავალდებულებს, საკუთარი სიგნალი ყველა საკაბელო კომპანიას მიაწოდონ.

სამოქალაქო საზოგადოების ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა ელჩების სამუშაო ჯგუფმა, რომელშიც შედიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები და რომელიც იმართება გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროსაბჭოს თანათავმჯდომარეობით.

თავდაპირველად, საქართველოს პარლამენტმა Must-Carry/Must-Offer განსაზღვრული პერიოდით დაამტკიცა საარჩევნო კოდექსში, ხოლო 2013 წელს შეიტანასაქართველოს კანონში მაუწყებლობის შესახებ.

საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ლაშა ტუღუში, ფიქრობს, რომ  მიღწეული წარმატების მიუხედავად, მედია გარემოს გაუმჯობესება კვლავაც მოითხოვს სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობას.

„ყველა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც არჩევნები უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენაა. ამიტომაც აუცილებელია გვქონდეს კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს მედია საშუალებებზე თანაბარ წვდომას’’,- ამბობს ტუღუში.

არჩევნებიდან არჩევნებამდე


საერთაშორისო დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ჟურნალისტების პროფესიონალიზმი საქართველოში გაიზარდა. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

საპრეზიდენტო არჩევნების ციებ-ცხელებამ უკვე ჩაიარა- მედია მონიტორინგის ჯგუფი ახლა კვლევის საბოლოო შედეგების წარდგენისათვის ემზადება.

„ველოდებით რთულ შეკითხვებს. დებატები და კრიტიკა მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი საქმიანობა მართლაც მნიშვნელოვანია“, - ამბობს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელი, გიორგი ჯოლოგუა. მისი ორგანიზაცია ონლაინ მედიას აკვირდება.

„თუმცა, ისიც უნდა ავღნიშნო, რომ წელს ჩვენი შეფასება გაცილებით უფრო პოზიტიურია, ვიდრე შარშან. ასევე გაიზარდა მედია საშუალებების ინტერესი მონიტორინგის შედეგების მიმართ“, - დასძენს გიორგი.

ქართული მედიის პროფესიონალიზმისა და მოუკერძოებულობის გაზრდა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქებისას საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებებშიც აღინიშნება, მათ შორის ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის წინასწარ დასკვნაში. თუმცა იქვე ნახსენებია კრიტიკული ანალიზისა და სიღრმისეული გაშუქების ნაკლებობა.

მომავალი წლის გაზაფხულზე, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. სამოქალაქო საზოგადოებისა და ჟურნალისტებისათვის არჩევნებამდე დარჩენილი რამდენიმე თვე კიდევ ერთი შანსია, შემდგომი ნაბიჯები გადადგან საქართველოში მედია გარემოს გაუმჯობესებისკენ.

ნოემბერი 2013