დემოკრატია და მედია

UNDP Georgia media elections
მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მედია მონიტორინგის მეთოდოლოგიაზე მსჯელობენ. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

ყოველ ორშაბათს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადის გადაცემა „მედია მონიტორი“. ერთსაათიანი თოქ შოუ აჯამებს მედია მონიტორინგის შედეგად მიღებულ ინფორმაციას და დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და მედია ექსპერტებს. 

აქცენტები

  • „პასუხს ვაგებ ჩემს ხმაზე. ამიტომ მინდა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე, სრული სურათი მქონდეს. მედია მონიტორინგი მეხმარება გავიგო, თუ როგორ მუშაობს საარჩევნო კამპანია“, - ამბობს 18 წლის ალექსანდრე.
  • მონიტორგში ჩართულია ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია, ხოლო მედიის სია მოიცავს 7 ტელევიზიას, 12 რადიო სადგურს, 10 ბეჭდვურ და 12 ინტერნეტ გამოცემას.
  • მედიის ანალიტიკოსების აზრით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად ქართული მედია უფრო მეტად პოლარიზებული და დაუბალანსებელია.
  • მოქალაქეების მიერ მედიის მონიტორინგი, დაკვირვება და მედიის სტანდარტების კვლევა საარჩევნო კამპანიის აუცილებელი კომპონენტია.

მედიის ანალიტიკოსების აზრით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად ქართული მედია უფრო მეტად პოლარიზებული და დაუბალანსებელია.

ტელევიზიებში შეიმჩნევა პოლიტიკური მიკერძოება. წამყვანები ხშირად იყენებენ სიძულვილის ენას და აშკარად გამოხატავენ სიმპათიას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მიმართ.

რადიო და ინტერნეტ მედია მეტნაკლებ ობიექტურობას ინარჩუნებენ. ინფორმაცია სააგენტოების მიერ გადმოცემულ ფაქტებს ემყარება. რადიო გაშუქება უმეტეს შემთვევაში ნეიტრალურია, ხოლო ონლაინ მედია ნეგატიური გაშუქებისკენ იხრება.

არჩევნების თემა პრესაში უმეტეს ნაწილს იკავებს. პრეზიდენტისა და მმართველი პარტიის ნეგატიური გაშუქება 60 დან 90 პროცეტამდე ჭარბობს სხვადასხვა გამოცემაში. ჟურნალისტები შედარებით ხშირად იყენებენ გადაუმოწმებულ წყაროებს.

რასტო კუზელი ხელმძღვანელობს  მედია მონიტორინგის სლოვაკურ სააგენტოს „მემო’98“, რომელიც 2010 წლიდან კონსულტირებას  უწევს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მედია მონიტორინგის ჩატარების საკითხებში. კუზელი დარწმუნებულია, რომ მონიტორინგი მედიისა და საზოგადოების დაკავშირების საუკეთესო საშუალებაა.

„დემოკრატია წარმოუდგენელია დამოუკიდებელი მედიის გარეშე. მოქალაქეების მიერ მედიის მონიტორინგი, დაკვირვება და მედიის სტანდარტების კვლევა საარჩევნო კამპანიის აუცილებელი კომპონენტია“, - ამბობს კუზელი.

18 წლის ალექსანდრე შატბერაშვილი წელს პირველად აძლევს ხმას. ის წინასაარჩევნო მედია მონიტორინგს სოციალური ქსელით ადევნებს თვალს.

„პასუხს ვაგებ ჩემს ხმაზე. ამიტომ მინდა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე, სრული სურათი მქონდეს. მედია მონიტორინგი მეხმარება გავიგო, თუ როგორ მუშაობს საარჩევნო კამპანია“, - ამბობს ალექსანდრე.

წინასაარჩევნო მედია მონიტორინგი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება. მონიტორგში ჩართულია ოთხი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, ხოლო მედიის სია მოიცავს 7 ტელევიზიას, 12 რადიო სადგურს, 10 ბეჭდვურ და 12 ინტერნეტ გამოცემას. მონიტორინგის მსვლელობაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გაშუქების ტონს, რეპორტაჟის დაბალანსებულობას და პოლიტიკური სუბიექტებისათვის დათმობილ დროს.

„მონიტორინგის შედეგად მედია მეტ ყურადღებას აქცევს დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდებას. მეორეს მხრივ, მონიტორინგი შესაძლებლობას აძლევს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ მედიაზე კვალიფიციური დაკვირვება აწარმოონ“, -  ამბობს ნათია კუპრაშვილი, საქართველოს რეგიონული მაუწყებლების ასოციაციის ხელმძღვანელი.

2010 წლიდან მოყოლებული, გაეროს განვითარების პროგრამა და ევროკავშირი მხარს უჭერენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მონიტორინგს უწევენ ქართულ მედიას. მონიტორინგის მიზანია მედიის პროფესიული სტანდარტების გაზრდა, ობიექტური და დაბალანსებული გაშუქების ხელშეწყობა.

სექტემბერი 2012